ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, ჩვენი შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, აღვნიშნავთ, რომ 3 აპრილს, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გამოაცხადა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანის შესახებ, რომელიც თავისი არსით ზუსტი ასლია იმ რუსული კანონპროექტისა, რომელიც გასულ წელს იქნა შეტანილი პარლამენტში. ვითვალისწინებთ რა, რომ ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და აბსოლუტური მობილიზაციის პირობებში მმართველმა პარტიამ 2023 წლის მაისში პირობა დადო, რომ „უპირობოდ გაიწვევდა“ მსგავს კანონმდებლობას საპარლამენტო განხილვებიდან; გამოვთქვამთ რა ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის თაობაზე, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს რეპუტაცია, როგორც ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოში ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით; ვითვალისწინებთ რა, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს მიერ მძიმე შრომით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის; აღვციქვამთ რა ამას, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ და გამოვხატავთ რა სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო; შეგახსენებთ რა, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი განახორციელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 შეასრულა; შეგახსენებთ რა, რომ ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და რომ ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას , რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ; მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფესა და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით იხელმძღვანელებს.
ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს.
მარეკ ჟენიშეკი - ჩეხეთი
მიხაელ ოსტრუპ იენსენი - დანია
მარკო მიჰკელსონი - ესტონეთი
ჩარლი ფლანაგანი - ირლანდია
ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვა
ჟან-ლუი ბურლანჟი - საფრანგეთი
ჯულიო ტრემონტი - იტალია
ინე ერისკენ სერეიდე - ნორვეგია
ალიშა კერნსი - გაერთიანებული სამეფო
მიხაელ როთი - გერმანია
რიჰადრს კოლსი - ლატვია
ბოგდან კლიხი - პოლონეთი
0 კომენტარი