აშშ-ის სენატში ჰელსინკის კომისიის ლიდერები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი საქართველოში რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობის განცხადების საპასუხოდ, რომ უახლოეს დღეებში ის აპირებს რუსული სტილის „უცხოეთის აგენტების“ კანონმდებლობის შემოღებას, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ბენ კარდინი (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე) და სენატორი როჯერ ვიკერი (სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი) აქვეყნებენ შემდეგ განცხადებას:
ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის ასლი და შექმნილია მის საფუძველზე. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება იმ დროს, როდესაც რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის დამკვიდრების უფრო ძლიერი ტენდენციაა დაწყებული. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ "ქართული ოცნება" კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უკან გაიწვიოს ეს კანონპროექტი და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას, ისევე როგორც მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს.
საქართველოს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ 3 აპრილს გამოაცხადა. ეს კანონპროექტი პირველად 2023 წლის დასაწყისში იყო ინიცირებული, მაგრამ დიდი ეროვნული და საერთაშორისო პროტესტის გამო ჩავარდა. კანონპროექტი არის რუსეთის "უცხოეთის აგენტების კანონის" ზუსტი რეპროდუქცია, რომლის მსგავსი ამოქმედდა და გავრცელდა რეგიონის სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებშიც. ის საერთაშორისოდ მხარდაჭერილ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიასაშუალებებს ასახელებს "უცხო გავლენის აგენტებად" და, როგორც ჩანს, კონკრეტულად მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ.
რუსეთის მსგავსად, "ქართული ოცნების" ლიდერებიც ამტკიცებენ, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ისა და ევროპის "საგარეო გავლენის სამართლებრივი ჩარჩოს" მსგავსია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“.
0 კომენტარი