„ქართული ოცნების" მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან. პირველი მამუკა მდინარაძის განცხადებას ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროპას ზურგს აქცევს და სახით ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება.
https://twitter.com/petras_petras/status/1775431017978798106
საკუთარი აზრი გამოთქვა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმაც, რომელმაც დაწერა, რომ ეს კანონი საქართველოში პოლიტიკურ პროცესს არასწორი მიმართულებით წაიყვანს და ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. რიშს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
https://twitter.com/senateforeign/status/1775646977167856013?s=46
სლოვაკი ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კი წერს, რომ „ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს, დამალოს საკუთარი ქმედებები, თუმცა უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველოს მმართველი პარტის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევა.
https://twitter.com/MiriamMLex/status/1775476803508773188
„ნაცვლად ძალიან საჭირო რეფორმების გატარებისა, "ქართული ოცნება" ისევ ცდილობს, გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს პარტია კვლავ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს",- ეს გერმანიის პარლამენტის წევრის, თომას კაკერის სიტყვებია. ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ განაცხადა, რომ "აგენტების კანონის" ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. მისივე თქმით, "მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო.
https://twitter.com/hacker_fdp/status/1775478696708579536
ევროპარლამენტის გერმანელი წევრი ვიოლა ფონ კრამონი კი კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეზე, შალვა პაპუაშვილზე წერს. „ეს ის კაცია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია „გიცს“ წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში და ასაქმებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის დაცვის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს?“ - დაწერა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში.
https://twitter.com/ViolavonCramon/status/1775521763683602474
"ქართული ოცნების" ინიციატივაზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა. მისი თქმით, გასულ წელს ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად და ამ კანონის გასაპროტესტებლად. მილერი აცხადებს, რომ საქართველოს ახლა ისტორიული შესაძლებლობა აქვს, გახსნას მოლაპარაკებები ბრიუსელთან, რასაც ვაშინგტონი კვლავაც მხარს უჭერს.
სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი და აღნიშნავს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
"ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის "უპირობოდ გაწვევის" შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს", - აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებაში.
0 კომენტარი