საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში მეორედ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალეა, ამიტომ "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდეს ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი -"უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება "ენჯეოების" დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის "დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა" (NED) და "დემოკრატიის ევროპული ფონდის" (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მმართველი პარტიის მიერ ხელახლა დაანონსებულ კანონპროექტს, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მალევე გამოეხმაურა. ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უნდა "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან: "როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან. არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით".
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში: "ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. როდესაც პირველად მოხდა "რუსული" კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ მათ უგულებელყვეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის, გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა “ოცნების” ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა და ახლა მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც "ქართულ ოცნებას" შესაბამის პასუხს გასცემენ".
პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი პარტიის დაფინანსების წყაროები გაასაჯაროოს: "ქართულმა ოცნებამ" და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო. ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია „რუსული კანონის" შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. მე მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში".
მოძრაობა "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამიას მოლოდინი აქვს, რომ კანონპროექტის მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ შეეცდება, რათა პროცესს მწვავე პროტესტი არ მოჰყვეს: დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია, "ახალი", გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში - ევროკავშირში".
0 კომენტარი