საქართველოში, ოქტომბერში, მნიშვნელოვანი საყოველთაო არჩევნები გაიმართება და ბევრი შიშობს, რომ ქვეყანა მისი დიდი მეზობლის, რუსეთის მსგავსად, ავტორიტარიზმის გზით წავა. გასულ წელს, საახალწლო დღესასწაულებამდე ერთი დღით ადრე, ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა ოფიციალურად, რომ პარტია "ქართული ოცნების" დაარსებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ ისევ ბრუნდებოდა პოლიტიკაში. ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში მოიპოვა და რომელსაც ხშირად საქართველოს „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებენ, არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პულსი, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის იანვარში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი საჯარო ინტერვიუები ნათლად აჩვენებს კრემლის იმ დეზინფორმაციული ნარატივების სათავეებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკვე წლებია რაც ავრცელებს.
ძლიერი რუსული კავშირები
რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნების" აღზევების შემდეგ არნახულ სიმაღლეზე ავიდა. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების გავლენა. ისინი ცდილობენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში ეჭვის შეტანას და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების პერსპექტივის წინა პლანზე წამოწევას. მთავარი მაგალითია „ქართული მარში“ - პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც 2017 წელს ჩამოყალიბდა, ასევე 2019 წელს დაარსებული ალტ-ინფო. ორივე ეს ორგანიზაცია ინტენსიურად ფუნქციონირებდა ინტერნეტში და ძალადობასაც მიმართავდა ქუჩებში, საბოლოოდ კი ისინი პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ. დასავლეთის დისკრედიტაცია ქართულ საზოგადოებაში და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებისთვის ძირის გამოთხრა კრემლის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან. საქართველოს მთავრობა მაშინ არჩევანის წინაშე დადგა: მხარი დაეჭირა უკრაინისთვის თუ დარჩენილიყო პრაგმატული და შეენარჩუნებინა სტატუს კვო, რომლის მთავარი ხაზი რუსეთის არგაღიზიანება უნდა ყოფილიყო. ნარატივების ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების ორიენტაცია მალევე გამოიკვეთა. რუსულმა საინფორმაციო წყაროებმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდაჭერაში სიფრთხილე გამოიჩინეს. ეს შეიფუთა, როგორც ღონისძიება, რომელიც ქვეყანას „დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ ომში“ ჩათრევისგან დაიცავდა.
2008 წლის აჩრდილები
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა კიევის მიერ ნატოში შესვლის გადაწყვეტილებას დააბრალა, განაცხადა, რომ ოპოზიციის აქტიურობა უკრაინის საკითხზე არის პროვოკაცია და 2008 წლის ტრაგედიის გამეორების მცდელობა. „ქართული ოცნება“ იმეორებს კრემლის ნარატივს, რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გადაიტანოს დაპირისპირება უკრაინიდან კავკასიის რეგიონში, რაც გამოიხატება თბილისისადმი მოწოდებით, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ სეპარატისტულ ტერიტორიაზე. ხოლო „ქართული ოცნების“ ლიდერ მამუკა მდინარაძის კომენტარები, რომ 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი მონაწილეობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმაში, პირდაპირ მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. შიშები ასევე გააჩინა დეზინფორმაციულმა ნარატივებმა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობდა. ამას ღარიბაშვილმა „უკრაინიზაცია“ უწოდა, რასაც კიდევ უფრო მეტი დეზინფორმაცია მოაყოლა, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია. საქართველოს მთავრობის პოლიტიკურმა თავშეკავებამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისადმი და მისმა მზარდმა მტრობამ დასავლეთის მიმართ აიძულა ბრიუსელი, კარგად დაფიქრებულიყო, სანამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა.
უნგრული კავშირები
ბოლო დროს უნგრეთი საქართველოს ახლო პარტნიორად იქცა ევროკავშირის ფარგლებში. ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანიც კი მიიწვია საქართველოში და თავადაც ეწვია „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციას“ პუდაპეშტში. იქ მან ისაუბრა მტრულ ძალებზე, რომლებიც საქართველოში ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ. ამ ნარატივით ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კონსერვატიულია და რომ დასავლეთი, მისი აზრით, მხარს უჭერს LGBTQ+ პროპაგანდასა და ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის პროცედურების ლეგალიზება. კრემლი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსაზრებას, რომ საერთო ისტორიული, ტრადიციული და მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ქმნის მჭიდრო იდეოლოგიურ კავშირს საქართველოსა და რუსეთს შორის, ხოლო დასავლური ღირებულებები მართლმადიდებლური ქრისტიანობის პრინციპებს არსებითად ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის გზა
გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ოფიციალურად მიანიჭეს გაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც გარკვეული პირობები მიაყოლეს. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშებში რეკომენდაცია გაუწია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწერვრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ ცხრა აუცილებელი ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული. ეს ნაბიჯები მოიცავს იმ შეუსრულებელ პრიორიტეტებსაც, რომლებიც ხაზგასმული იყო ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. მათ შორისაა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მეტი თანხვედრა, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა. გასულ წელს ევროკავშირის გაფართოების უახლეს ანგარიშში საქართველო ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას, უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შეუსაბამობისა და ყოვლისმომცველი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გამო. გარდა ამისა, საქართველო განსაკუთრებით დაუცველად არის მიჩნეული კრემლის პროპაგანდის მიმართ, რაც მყარად იქნა დასაბუთებული ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებით, განსაკუთრებით კი უკრაინის ომის მიმართლებით. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფმა ალტ-ინფომ ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი იკისრა და ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს, საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმას ემსახურებოდა. ალტ-ინფო ხშირად უკავშირებს თავის დეზინფორმაციას ლგბტქ+ თემებს და ადამიანებს უნერგავს შიშს, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირები ქართველების იდენტობას გაანადგურებს. ლგბტქ+ საკითხების გარდა, შეტევები ასევე მიმართულია უფრო ფართო ლიბერალურ ღირებულებებზე, რომლებიც ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს.
ალტ-ინფოს "მაიდანის" ნარატივი
2023 წლის ბოლოს, ალტ-ინფოს ლიდერებმა გამოაცხადეს მოძრაობა „ანტი-მაიდანის“ დაარსება, რაც იყო რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომ გარკვეული ჯგუფები ქვეყნის დესტაბილიზირებას აპირებდნენ. სავარაუდო გეგმა მოიცავდა სამოქალაქო არეულობის ორკესტრირებას, რომლის საბოლოო მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით. ასეთი დესტაბილიზაციის სცენარზე „ქართულ ოცნებაშიც“ საუბრობდნენ. 2023 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომელიც დემონსტრანტებს უკრძალავს კარვებისა და მსგავსი საშუალებების გაშლას საზოგადოებრივ ადგილებში და ამით ზღუდავს საპროტესტო უფლებებს. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას შეშფოთებით შეხვდა. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამე ფორმალური დაბრუნება ნიშნავს, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ პოზიციების გამყარებასა და ოლიგარქის დასავლური წნეხისგან დაცვას შეეცდება. მიუხედავად საჯარო მცდელობებისა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მმართველი პარტიის დამსახურებად იქნას აღქმული, „ქართული ოცნების“ ძირითადი რიტორიკა, როგორც ჩანს, უცვლელი დარჩება, ისევე როგორც მისი მცდელობები, გააჩუმოს ნებისმიერი კრიტიკული ხმა პარტიის ან ივანიშვილის მიმართ.
ავტორი: ქეთი შოშიაშვილი, გამოქვეყნებულია Euractive.com-ზე
0 კომენტარი