ავტორი: თინათინ ჯაფარიძე, ევრაზიის უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური რისკები - ევრაზიის ჯგუფის ანალიტიკოსი
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი, ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი - ძირითადი ურბანული ცენტრებისგან მოშორებით. მათი უმეტესობა ემიგრაციაში 2010-2020 წლებში წავიდა. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენს ემიგრანტებს ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს საკონსულოების საარჩევნო უბნებზე, რაც ბევრ მათგანს ურთულებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ან სულაც ართმევს ხმის უფლებას.
ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ემიგრანტების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში წარდგენილ უამრავ პეტიციაზე პასუხის გასაცემად ოპოზიციამ წამოიწყო კამპანია "საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში", რომელიც მოუწოდებს ქართველ ემიგრანტებს, მხარი დაუჭირონ ხმის მიცემის ცენტრების შექმნას 40-ზე მეტ ქალაქში, სადაც საელჩოები ან საკონსულოები არ არის. ამ მოძრაობამ გასულ წელს მხარდაჭერა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგანაც მიიღო, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის გაფართოება საჭიროდ არ მიიჩნია.
ბოლო შეფასებით, საზღვარგარეთ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს და მათმა საარჩევნო ჩართულობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ოპოზიციური პოლიტიკოსები კვლავ მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოხსნან დაბრკოლებები უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და ხაზს უსვამენ, რომ ყველა მოქალაქისთვის ხმის შეუფერხებლად მიცემის უფლება აუცილებელი პირობაა დემოკრატიისთვის.
გასულ თვეში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო იქნებოდა "მაქსიმალურად გამჭვირვალე" და რომ არჩევნები ჩატარდებოდა "მაღალი სტანდარტით".
იმედია, საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა, ამჟამად სამშობლოში ცხოვრობს თუ მის ფარგლებს გარეთ, შეძლებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, სრულიად გამჭვირვალე და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის გზით.
(თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს მთავრობამ შეიცვალოს პოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან, სხვა თუ არაფერი, ეშინია, რომ ამით მოწინააღმდეგე ბანაკის შანსებს გაზრდის).
0 კომენტარი