შეკითხვაზე, "კორუფციის გამო, პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გაშვებული ირაკლი ღარიბაშვილი რატომ დანიშნა გიორგი გახარიამ თავდაცვის მინისტრად", ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მაშინ "ქართული ოცნების" გუნდი ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილავდა, მისი გადაწყვეტილებით კი, ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. 

"მე არასოდეს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, იმ არჩევანს რა არჩევანიც არსებობდა, ვამჯობინე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე ის ოფცია, რა მინისტრობაც მას უპირებდნენ და მერწმუნეთ, რომ მართალი ვიყავი. იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, ჩემი დამსახურებაცაა იმ ნაწილში, რომ არ მინდოდა გამხდარიყო ის მინისტრი, რასაც უპირებდნენ - შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ დისკუსიას აზრი ჰქონდა, რაღაცებს ვიცავდით, რაღაცაზე არ ვთანხმდებოდით, მაგრამ დღეს ისინი არიან მომსახურე პერსონალი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გიორგი გახარიამ ისაუბრა მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველას მიანიშნა, რომ მხოლოდ ის გახლავთ გადაწყვეტილების მიმღები პირი. 

"ეს არის მომსახურე პერსონალების ჯგუფი და ეს გადაადგილებები სუფთა ტექნიკურია. ამის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის, ერთი ადამიანის გარდა. მიზანი კი იყო ერთადერთი - მკაფიო გზავნილი, როგორც შიდა, ასევე გარე მომხმარებლისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა ელაპარაკოთ, ვარ მე. მე ვნიშნავ და მე ვათავისუფლებ. მაგალითი გჭირდებათ? ინებეთ! ეს არის და ეს. ამის უკან სხვა ახსნა არ არსებობს. არანაირი ტაქტიკური, ტექნიკური... ღარიბაშვილი თუ კორუფციის ნიშნების შემცველი იყო, კობახიძე ანგელოზია?" - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *