საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან შეხვედრისას სასამართლოს აღნიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ ორკესტრირებული თავდასხმა ხორციელდება, რომელშიც "უცხოელი დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულნი". მისი თქმით, "სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს". მან ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი და დასძინა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით, "ფარსი" იყო.
"დრომ გვიჩვენა, 2015 წლიდან მოყოლებული, „რუსთავი 2“-ის საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ახალა გვარამიას საქმე, ადასტურებს, რომ ყოველ ჯერზე, ჩვენ გვქონდა ორკესტრირებული თავდასხმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ უცხოელი დონორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ერთად ესხმოდნენ თავს ქართულ მართლმსაჯულებას. წლების განმავლობაში ამით ქმნიდნენ აღქმას, რომ თითქოს არის სისტემური პრობლემები. დღეს მოდიან და გვეუბნებიან, რომ იცით რა, მართალია არგუმენტი არ გვაქვს, მაგრამ არსებობს ასეთი აღქმაო და შემდეგ მოწმედ მოაქვთ ის მადისკრედიტირებელი კამპანია, რომელსაც თავადვე აწარმოებენ. შემდეგ ამას უნდა გასცეს ვითომ ქართველმა ხალხმა პასუხი. თუ ვინმეს აქვს რაიმე არგუმენტი ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, თქვან, რატომ არავინ ამბობს. მილიონი შეხვედრა შედგა მათ შორის ღია და დახურული, ქართველ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციასთან და უცხოელებთან. ვარწმუნებ ქართველ ხალხს, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ, პირიქით, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, ის დონორები, „ენჯეოები“, ის ოპოზიცია, რომელიც თავს ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას. მიზანში ჰყავდათ ამოღებული ლაშა ჩხიკვაძე და ცდილობდნენ მორალურად გაენადგურებინათ, ამაში იხარჯებოდა ევროპული და ამერიკული ფული. როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტზე, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული? დღეს არავინ არც კი კადრულობს, რომ ბოდიში მოხადონ. სანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი „უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობას ხედავს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სრულიად პროფესიონალური, სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა საქართველოში“.
0 კომენტარი