"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, "ოჯახური ღირებულებებისა და მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან პრინციპულ დაცვას" გულისხმობს. პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" უმრავლესობის მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, კანონპროექტის შემდეგ ცვლილებებზე ისაუბრა:
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
მამუკა მდინარაძის განცხადებითვე, სახელმწიფო შეაფასებს "რა არის პროპაგანდა" და ასევე, აიკრძალება თუ არა "პრაიდის" ჩატარება.
„ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი შეკრებას და ასეთი არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების თავისი სექსუალური შეხედულებების წარმოჩენას ქუჩაში, ასევე ეკლესიებთან, სკოლებთან ჩამოვლას და ამის დემონსტრირებას, რაღაც სექსუალური თემების კონკრეტულ დემონსტრირებას მარშის სახით, უყურებენ როგორც პროპაგანდას და, ჩემი აზრით, სავსებით სამართლიანად, რიგ შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, თუ ეს შეფასდება ისე, როგორც პროპაგანდა და რაღაც საკითხების დემონსტრირება პოზიტიურად, იმგვარად წარმოჩენა, რომ ეს არის ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში აიკრძალება, მაგრამ როგორც კი უფლებას შეეხება, ამის აკრძალვაზე საერთოდ არც უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიმუშაოთ, რომ აქ ბალანსი არასდროს არ დაირღვეს. უნდა გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი, პოპულარიზაციისგან, ეს იქნება ამ კანონმდებლობის მთავარი მიღწევა, მათ შორის, ჩვენი მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად", - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.
0 კომენტარი