საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესსა და საარჩევნო კოდექსში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა "სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში საკუთარი გეგმები გაამხილა, ის იმ გეგმის მონაწილეა, რომ არჩევნების არაღიარებისთვის საბაბი შექმნას". 

"ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ეს წესი იყოს, ჟურნალისტებს მოვუწოდებ, ჰკითხონ, ჯერ მათ ქვეყანაში თუ მოქმედებს ეს წესი და მერე ახსნან, რატომ ურჩევენ ამას საქართველოს. ეს არსად არ მოქმედებს, ჩვენთან წარმოდგენილი იყო საცდელი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ ექსპერიმენტი არ მოქმედებს. ამაზე კიდევ დაჟინებით მოთხოვნა ქმნის ეჭვებს, რომ არის სპეციალური მოთხოვნა, რათა ეს წესი დარჩეს. თუკი ძველი წესი დარჩება, ჩვენ ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს და თუკი ავირჩევთ, მათ სათქმელი ექნებათ, რომ რეკომენდაცია სხვა იყო, ეს არ არის კვალიფიციური უმრავლესობა და ამიტომ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნები. 27 ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი, ჯერ მათ მიიღონ წესები, რომ კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილებები და პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ვიქნებით 28-ე ქვეყანა, ვინც კვალიფიციურ უმრავლესობას შემოვიღებთ ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
მისივე განცხადებით, "საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ ჩვენ გვესაუბრონ". 
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ვეტოსთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმაც და აღნიშნა, "არ ვიცი პირადი [ინტერესია] თუ რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე პოზიციაზე, პლატფორმაზე დგას, რაზედაც რადიკალური ოპოზიცია იგივე, რევოლუციური კომიტეტი".

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *