GSAC-ის ექსპერტი, ვანო მაჭავარიანი, Globalnews.ge-სთან ხელისუფლების მხრიდან დასავლელ პარტნიორებისა და საერთაშორისო დონორების მიმართ მორიგ თავდასხმებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რიტორიკა ერთპარტიული მმართველობისთვისაა დამახასიათებელი, რომელსაც სურს "ყველაფერი მხოლოდ მათ ხელში გადიოდეს". 

"ერთპარტიული მმართველობისთვის დამახასიათებელია, რომ ყველაფერი მათ ხელში უნდა გადიოდეს. ფაქტი, რომ აუდიტის სამსახურის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების 91% მხოლოდ "ქართული ოცნებისკენაა" მიმართული და არცერთ ბიზნესს ოპოზიციური პარტიების დაფინანსების სურვილი არ უჩნდება, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ერთპარტიული, რუსული ტიპის მმართველობაზე, რომელსაც ასევე ახასიათებს შეტევა დასავლელ დონორებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ ინიციატივებს აფინანსებენ. დღეს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ შიდა რესურსებიდან დაფინანსება მიიღონ, არამედ ნებისმიერი საზოგადოებრივი ინიციატივის დაფინანსების საშუალება არ არსებობს. სამაგიეროდ, ხელისუფლებას არ უჩნდება შეკითხვები რუსულ დაფინანსებასა და ინიციატივებთან დაკავშირებით. უზარმაზარი დაფინანსება შემოდის რუსეთიდან, როგორც შავი ფული, ისე პირდაპირი ფინანსები სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს დღევანდელი ხელისუფლების ბუნებას, რომელმაც 2012 წელს მმართველობა დაიწყო როგორც დემოკრატიულმა ერთობა-კოალიციამ და აგრძელებს და დიდი ალბათობით, 2024 წელს უნდა რომ დაამთავროს, როგორც რუსული ტიპის მმართველმა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორებიც სწორად აფასებენ ამ ვითარებას და ხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება სიტუაციის პოლიტიკური რადიკალიზაციისთვის. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სივრცე და საშუალება არ დაუტოვოს სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *