ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის წლიური ანგარიში, რომელიც 28 თებერვალს დამტკიცდა, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან დასავლეთის მიმართ მორიგი შეტევის საფუძველი გახდა. ევროპარლამენტის წევრის, ანა ფოტიგას ინიციატივით, პროექტში შევიდა შესწორება, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს ეხება. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ "ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილი სააკაშვილი, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს და ახალისებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც წვლილს შეიტანს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში". ევროპარლამენტარ ფოტიგას ინიციატივითვე, დოკუმენტში კიდევ ერთი საკითხი შევიდა. კერძოდ, დოკუმენტში მკაცრადაა დაგმობილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა.
ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს საგარეო ურთიერთობებს".
"ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ "ჰუმანიტარული ნიშნით", რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას "საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო" უწოდა. ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნათქვამ განცხადებაში. ის ასევე დასძენს, რომ "მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს პუტინთან პირადი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა ევროპარლამენტისთვის მიმზიდველ იდეას წარმოადგენდეს, რომელსაც ამ წარმოდგენას უქმნიან კონსერვატიულად განწყობილი აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები. თუმცა, ფაქტები სხვას ამტკიცებს".
"უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.
დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამეტის რეზოლუციას თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ მოგვიანებით გამოიკვეთა თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. ეს ძალიან მძიმეა, აზიანებს იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან”.
0 კომენტარი