რუსა მაჩაიძე
მმართველი პარტია ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონს ცვლის, მაგრამ რეალურად არ ითვალისწინებს „ვენეციის კომისიის“ იმ არსებით შენიშვნებს, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორი, სპეციალისტები და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი იზიარებს. მნიშვნელოვანი კი ის არის, ცვლილების მიზეზად დასახელებულია ევროკავშირის 9-პუნქტიანი ახალი რეკომენდაციები, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის გაზრდასაც მოითხოვს. ამ ეფექტიანობისთვის კი „ვენეციის კომისიას“ უკვე აქვს ზემოთნახსენები შენიშვნები გამოთქმული. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ კანონპროექტებზე, თუ რა შეიძლება შეცვლილიყო ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ფორმატში ჰქონდათ საუბარი.
კანონპროექტთა პაკეტის განმარტებით ბარათში კი პირდაპირ მითითებულია, რომ პაკეტი სწორედ ამ მიზნით არის შემუშავებული. „2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რისი ერთ-ერთი საფუძველიც გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში ასახული რეკომენდაცია. ამასთანავე, ევროკომისიის იმავე კომუნიკაციით საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შემდგომი ეფექტიანობის, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით შემდგომი ღონისძიებების გატარება. კანონპროექტი ემსახურება სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას“ - წერია მმართველი პარტიის წევრების (ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე) მიერ შემუშავებულ კანონპროექტთა პაკეტში, რომელიც ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში. აქედან გამომდინარე კი, ცვლილებას კიდევ შვიდ კანონში.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო შარშან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა. „ქართულმა ოცნებამ“ სათანადო კანონის მიღებისას არ გაითვალისწინა სპეციალისტების და ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ბიუროს დამოუკიდებლობა მისი ხელმძღვანელის პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დამტკიცებით ყოფილიყო გარანტირებული და ამ ორგანოს ჰქონოდა საგამოძიებო ფუნქცია. ბიუროს ხელმძღვანელობის კანდიდატებს არჩევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია და შერჩეული კანდიდატებიდან ხელმძღვანელს ნიშნავს ასევე პრემიერ-მინისტრი. ბიუროს, როგორც აღვნიშნეთ, არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია. თუმცა, გარკვეულწილად მოხდა სხვადასხვა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციების მასში თავმოყრა, მაგრამ ესეც ეხება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის. კორუფცია კი ცხადია, უფრო ფართოა და სხვა დანარჩენი ფუნქციები დარჩა ისევ უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურაში.
დეკემბერში „ვენეციის კომისიამ“ გამოაქვეყნა მმართველი პარტიის მიერ ფაქტობრივად ერთპარტიულად მიღებული კანონის ანალიზი და თქვა, რომ "არ შეესაბამება მაღალი დონის კორუფციის მკაცრი მოგვარების შესახებ დადგენილ მიზანს". შესაბამისად, გასცა რეკომენდაცია, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი მიზნის მისაღწევად გატარებულიყო გარკვეული ცვლილებები ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ასევე იყო რეკომენდაცია, რომ ორგანოს მინიჭებოდა საგამოძიებო ფუნქცია (ამის შესახებ დეტალურად ნახეთ „გლობალნიუსის“ სტატია).
აქ არსებითი არის ის, რომ „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციები თანხვედრაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის დიდი ნაწილის მოსაზრებებთან.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ცვლილებები კი ასეთია:
• დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. ამისთვის კი განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს და, თუკი პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, ანტიკორუფციული ბიუროს დაკავებული ან დაპატიმრებული უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს;
• ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც გულისხმობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებას ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებას;
• ამასთან, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან (აღსანიშნავია, რომ ამ პაკეტით ეს გაუქმება ეხება პარლამენტის წევრობის კანდიდატებს და სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს);
• იცვლება თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში შეცდომების გასწორების წესები და ვადები. კონკრეტულად, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზიანია, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში ხარვეზზე მიუთითებს და მისი აღმოფხვრისათვის კიდევ 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. ჯერჯერობით მოქმედი კანონით კი ამისთვის 48-საათიანი ვადაა განსაზღვრული. ამასთან, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის და/ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება;
• აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროცედურის განხორციელება თანამდებობის პირს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება;
• გარდა ამისა, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს;
• ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, მამხილებელს მიანიჭოს მამხილებლის სტატუსი (მათ შორის, ანონიმური მამხილებლის სტატუსი), გაუწიოს მას სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს;
• ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება, როგორიცაა პირის გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. საჯარო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. ესაა ფორმა ადმინისტრაციული წარმოების, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ეფექტიანად იმუშაოს გარკვეულ შემთხვევებში;
• ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
• სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ეს არ იქნება მხოლოდ წლიური ანგარიშები, არამედ შეეძლებათ ნებისმიერ მომენტში სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება;
• ამასთან იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა;
• სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება, რომ საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ამ სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, მის მიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან, კონკურსის გარეშე შეარჩიოს პირადად მან;
• გარდა ამისა, იზრდება საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები, იზრდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე გაიზრდება;
• იზრდება პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების კვორუმი დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე;
• „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, თუკი პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კი, პარტიის ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა;
• პოლიტიკური პარტიის, ასევე გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ანტიკორუფციული ბიუროს შემდეგი უფლებამოსილებები ენიჭება - განახორციელოს ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან, სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის - მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის გამოთხოვა;
• ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და ხარვეზის აღმოფხვრისათვის გონივრული ვადა განუსაზღვროს;
• ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივაზე ჯერჯერობით არსებითი შეფასებები არ კეთდება და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის „კოსმეტიკური ცვლილებები“ და მთელ აქცენტს აკეთებენ „ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ცვლილებების პარალელურად გახდა ცნობილი და ეხება პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას, რასაც ბიურო „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესითა და კორუფციის მაღალი რისკით“ ხსნის.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ იანვარში, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კი ეს 30 ოპოზიციონერიც დაემატა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კი პაკეტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის კომიტეტებს, რომ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირონ და თუ საჭირო გახდება, ვენეციის კომისიას გაუგზავნონ კვლავ, მათი მოსაზრებების მოსასმენად.
მათი შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, სამწუხაროდ, ვერანაირად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ დაუდგინა. რიგი მიმართულებებით კი, ჩაწერილია ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არავის მიერ არ არის მოთხოვნილი.
„ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. კერძოდ, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის მინიჭება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება. ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას“ - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ და მათი თქმით, პირველ რიგში ეს ეხება იმ საკითხს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის საფუძვლით.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს. შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველიც ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობაა, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“ - განმარტავენ ორგანიზაციაში და პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ამ ინიციატივას.
0 კომენტარი