საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო დონორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს მიმართა, "უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დონორსა და საელჩოს, რომ მიაქციონ ყურადღება, მათი არც ერთი ცენტი პარტიულ ყულაბაში არ აღმოჩნდეს".
„სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და სხვა „ენჯეოების“ განცხადებები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და ამბობენ, რომ გრძელვადიანად აკვირდებიან მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს. წინასაარჩევნოდ გარემოს ნაწილია პარტიების ფინანსებზე დაკვირვებაც. მაგალითად, ხომ არ ფინანსდება რომელიმე პარტია რუსეთიდან ან სხვა ქვეყნიდან. გუშინ მოვისმინე მათი კომენტარები, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო და მან მიხედოსო, ამით მოიცილეს პასუხისმგებლობა. ჯერ ერთი, მადლობა, რომ ნდობა გამოიჩინეს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, ეს კარგია, მაგრამ ასე ცესკოც არსებობს და რა საჭიროა მაშინ მათი დაკვირვება? რატომ ამბობენ უარს? ეს მათი პირდაპირი ამოცანაა. გრანტები, რომლებიც ახლა აქვთ, ითვალისწინებს წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებასაც და მათ შორის პარტიების ფინანსებზე დაკვირვებასაც. ამაზე უარის თქმა გასაკვირია, თუმცა, თუ ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ასეთ რამეს: ამ პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსების სქემაში ხშირად ჩნდება „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED). თუ ნახავს ISFED-ს და სხვებს, ისინიც ფინანსდებიან ამ ფონდიდან. ამ უარის თქმის საფუძველია ის, რომ ეს ეხება მათ დონორს, და მათ სურთ, გამოვიდნენ საკუთარი დონორის მამხილებლად. სწორედ ეს არის უცხოური დაფინანსების ცუდი გავლენა ქართულ არასამთავრობო სექტორში. სინამდვილეში, ეს ორგანიზაციები, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო ბაზარი საქართველოში, ატარებენ არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი დონორების ინტერესებს, და ამიტომაც არ ეძიებიან ამ საკითხს, რომ არ ამხილონ საკუთარი დონორი. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მითუმეტეს რომ საქმე ეხება ევროკავშირის მიერ დაფუძნებულ ინსტიტუტს, "ევროპის დემოკრატიის ფონდს", რომელსაც მავნე გავლენა აქვს ქართულ არასამთავრობო სექტორზე. მის მიერ დაფინანსებულ "ენჯეოებს" ეშინიათ პარტიების ფინანსების შესწავლა, რომ შემთხვევით არ გამოუმჟღავნდეთ, რომ მათივე დონორია ჩართული ქართული პოლიტიკის დაფინანსების უკანონო სქემებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დონორსა და საელჩოს, რომ მიაქციონ ყურადღება, რათა მათი არც ერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო, ე.წ. ლგბტ-პროპაგანდაა. აღსანიშნავია, რომ იმავე რიტორიკით საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრებიც, რაც ოპოზიციურ თუ საექსპერტო ნაწილში, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მოიაზრება. საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებულ შიდა მემორანდუმზე, რომელიც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოებს არ ეხება. კერძოდ, „ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, სახელმწიფო მდივაბმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგია, სადაც კი ეს შესაძლებელია, რათა გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის იქიდან გამომდინარე, არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა, იდეა ეს არის, რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა, მას შემდეგ რაც ადამიანი არსებობს. დღეს კი შეიძლება გვეცინებოდეს, რომ დედამიწას ვინ აგვიკრძალავს რომ დედამიწა დავუძახოთ, მაგრამ ზუსტად ასე ხდება. დღესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი, რამდენიმე კურიოზული სიტუაციაც იყო, მაგალითად კანადის პრემიერ-მინისტრმა “mankind” ანუ „კაცობრიობა“ გამოიყენა სიტყვა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რომ „კაცობრიობაში“ სიტყვა „კაცი“ არის მამრობითი სქესი და არ შეიძლება ამ სიტყვის თქმა. სამწუხაროდ ასეთ აბსურდებზე არის სერიოზული მსჯელობა. ჩვენ შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა ამაზე მკაფიო პოზიცია. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან როგორც გვაჩვენებს ჩვენ გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სპიკერ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას, მედიის შეკითხვაზე საპასუხოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა უპასუხა და თქვა, "გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო".
„უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს ეხმარება სამუშაო ადგილზე უფრო ინკლუზიურები იყვნენ და ამ თემაზე სასაუბრო გზები იპოვონ. მე ვიტყოდი, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. იქ საქართველოსთვის არაფერია. რეალურად, ეს იმისთვისაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს დაეხმაროს, უფრო ინკლუზიურები იყვნენ. რაც შეეხება ენას, ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ვფიქრობ, ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
0 კომენტარი