ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსთვის "დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანესი საკითხია".  

„ბრძოლა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ნომერი პირველი ნაბიჯია. განსაკუთრებით დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია. ამ კუთხით ვხედავთ გარკვეულ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს ევროკავშირის მხრიდან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, მაგრამ წელს, მაშინ როდესაც საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, არჩევნები ახლოვდება, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციის მაჩვენებელი გაიზრდება, რომლის სამიზნეც ევროკავშირია. ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ყველასთან, რათა დეზინფორმაციას დავუპირისპირდეთ და საქართველოს მოსახლეობა იყოს კარგად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება“, - აღნიშნა დიპლომატმა. 

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ "ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ყველა იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რაც გაფართოების ანგარიში მოიცავს, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით".

"საქართველოში ყველას მოვუწოდებ, დაუღალავად იმუშაონ. მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ძალიან ინკლუზიური, ოპოზიციას - კონსტრუქციული იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ. ევროკომისიამ კი, პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს და ლიდერებმა უყოყმანოდ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით. სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავდა. საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ის რეალურად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ევროკომისიიდან შეთანხმდებიან ქართველ კოლეგებთან ერთად იმაზე, თუ ზუსტად რა უნდა გაკეთდეს. პროცესის შეფასება მოხდება გაფართოების შესახებ შემდგომ ანგარიშში, რომელიც ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. გვექნება კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან. მომავალ კვირას ვიწყებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და გასული წლის მსგავსად, დეკემბერში ლიდერები გადაწყვეტენ, გადავიდნენ თუ არა შემდგომ ეტაპზე, რაც საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *