Globalnews.ge-სთან საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ნოემბერში გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, ევროკომისიამ პირდაპირ თქვა, რომ "საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასულ წლებში, ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის მხრიდან გაიცა". ამასთან, ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა საარჩევნო კოდექსში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნეგატიურად შეფასდა.
"ეუთო-ოდირის რეკომენდაცია ამბობს, რომ ისევ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის უფლებამოსილება და ასევე, ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების დასამტკიცებლად, პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის გაუქმების საკითხზეც ნეგატიური შეფასება მოვისმინეთ და პირდაპირ რეკომენდაციებში პირდაპირ წერია, რომ ის არ უნდა გაუქმდეს. ეს რეკომენდაცია, ფაქტობრივად, ჩვენთვის კანონივით უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებული ხარ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ რაც
შეიძლება სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტიანად შეასრულო ის რეკომენდაციეი, რაც ევროკავშირმა მოგცა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. როდესაც პირობას დებ, ის უნდა შეასრულო. ერთხელ, მეორედ და მესამედ თუ პირობას არ შეასრულებ, ეს ენა ევროკავშირს არ ესმის და არასერიოზულად მიიჩნევა, რითაც, საბოლოოდ, ისევ ჩვენი ქვეყანა ზიანდება. გაუგებარია დამოკიდებულება, როდესაც ხელისუფლება არ ცდილობს გააკეთოს მაქსიმუმი", - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა.
შეკითხვაზე, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენად შესაძლებელია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ISFED-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ "პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყველაფერია შესაძლებელი".
"რეკომენდაციები, რომლებზეც ვსაუბრობთ, საკმაოდ დეტალურია. ბევრ ორგანიზაციას და მათ შორის, პარტიას, ამ მიმართულებით უკვე ნამუშევარი აქვს და მზა კანონპროექტებიც კი არსებობს ცალკეულ რეფორმებთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა, პოლიტიკური ნების არარასებობაა და როგორც ჩანს, შიში, რომ ამ რეფორმების გატარების შემხთვევაში დაკარგავენ გარკვეულ ბერკეტებს, ძალაუფლებასა და ხელისუფლებას", - ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნოდ მწვავე შეფასებებს იღებს, ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფაა. ლევან ნატროშვილის შეფასებით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო უბნებსა თუ პროცედურულ საკითხებზე.
"სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მუშაობას ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისი უწყებებიდან, რომლებსაც უნდა ინტერესბდეთ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობას. ამ მიმართულებით დრო დიდი არ არის, რადგან ის დამოკიდებულებებში გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლოა, კანონმდებლობის დონეზე კორექტირებას მოითხოვდეს. რაც მთავარია, ნება უნდა არსებობდეს, რომ ის განხორციელდეს. იმის შესახებაც კი არ არსებობს ინფორმაცია, რომელ ქალაქში რამდენი ქართველი ცხოვრობს და სად დგას საარჩევნო უბნის გახსნის საჭიროება. ამ შემხთვევაში, შეგვიძლია გარკვეული ვარაუდები გავმოვთქვათ და ეს ემპირიულ მონაცემებს ეფუძნება. თუ შეხვედავთ სხვადასხვა არჩევნებს, როგორც წესი, შედეგები, რომელსაც ვიღებთ ქვეყნის შიგნით და ემიგრაციაში, განსხვავდება იმით, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული შედეგები ხელისუფლებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია ხოლმე. უბნების გახსნის შესახებ ინფორმირებაც პრობლემაა და ბევრმა არც იცის, რომ შეუძლია თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ მიმართულებით მინიმალური კეთდება. საბოლოოდ კი, მაგალითად, წინა არჩევნებზე, ემიგრაციაში 60 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, არჩევნებში მონაწილეობა კი, 10 ათასმა მიიღო. 60 ათასიც მცირე რიცხვია, რადგან სხვადასხვა არაოფრიციალური მონაცემებით, მინიმუმ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა
0 კომენტარი