Globalnews.ge-სთან საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ორ მთავარ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი შეფასებით, "საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გაცილებით უფრო დაბალი ნდობის საკითხს აჩენს, რაც საბოლოოდ, საარჩევნო პროცესს აზიანებს". მისივე თქმით, პარლამენტის მიერ, მიმდინარე კვირას მიღებული ცვლილებები, 2023 წლის ივნისში განხორციელებულ ცვლილებებზე დამატება გახლავთ და საკითხი ფრაგმენტულად არ უნდა განიხილებოდეს.
"სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენს კანონმდებლობაში არის გარკვეული საკითხები, რაც საკმაოდ კარგადაა მოწესრიგებული და იძლევა საფუძველს, რომ არჩევნები ამ სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რამდენად სწორად შესრულდება უკვე არსებული რეგულაციები. საერთოდ, ეს ცვლილებები ფრგმენტულად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ბოლო ცვლილება გახლავთ დამატება იმ ცვლილებზაე, რაც 2023 წლის ივნისში უკვე განხორციელდა. კერძოდ, პარლამენტმა შეცვალა კანონი და ცესკო-ს დაკომპლექტების წესი ორი მიმართულებით გაუარესდა. პირველი, თუ ვინ არჩევს ცესკო-ს "პროფესიული წევრების" კანდიდატებს, მათ შორის, თავმჯდომარეს - 17-წევრიან საარჩევნო კომისიაში, 9 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, რვა წევრი კი, ე.წ. პროფესიული ნიშნით, კონკურსით შერჩეული პირია. მანამდე არსებული პროცედურით, პრეზიდენტი ქმნიდა შესარჩევ კომისიას, რომლის მეშვეობითაც არჩევდა კანდიდატებს, შემდეგ კი, მათ პარლამენტს წარუდგენდა დასამტკიცებლად. 2023 წლის ივნისის ცვლილებების მიხედვით კი, პრეზიდენტს ეს როლი ჩამოერთვა და ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადავიდა. საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არ გახლავთ რომელიმე პარტიის წევრი, ის უნდა იყოს ე.წ. ზეპარტიული ფიგურა. შესაბამისად, მას უფრო ნაკლები მოტივაცია აქვს, პარლამენტს ისეთი კანდიდატები წარუდგინოს, რომლებიც რომელიმე პარტიის მიმართ ლოიალურად იქნებიან განწყობილნი. წესით, ეს სისტემა ასე უნდა მუშაობდეს. როდესაც უკვე ეს ფუქნცია პარლამენტის თავმჯდომარესთან გადადის, მას აქვს მოტივაცია, რომ მისი პარტიისთვის სასურველი კანდიდატები შეარჩიოს", - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
მისივე თქმით, მეორე პრობლემა გახლავთ უკვე უშუალოდ პარლამენტი, თუ როგორ ირჩევს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო წარდგენილი კანდიდატებიდან შესაბამის პირებს, მათ შორის, თავმჯდომარეს ან კომისიის პროფესიულ წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში კი, ასახელებს საპარლამენტო უმცირესობის შეზღუდულ ფუნქციებს, პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
"მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისას, აუციელებლია პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ეს პირობა პარლამენტმა შეცვალა. ფაქტობრივად, პარლამენტს შეუძლია უბრალო უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს, რომ შეირჩევიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობითვის, ისე საპარლამენტო უმცირესობისთვისაც. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ჩნდება სერიოზული კითხვები შერჩეული კანდიდატების მიკერძოებასთან დაკავშირებით. სპორტის ანალოგია რომ გამოვიყენოთ: როდესაც არბიტრს ერთი გუნდი ნიშნავს და პროცესში სხვა გუნდები არ მონაწილეობენ, ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, რომ ეს არბიტრი ერთი კონკრეტული გუნდის მხარეს დაიკავებს. სწორედ ეს პროცესი ქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გაცილებით უფრო დაბალი ნდობის საკითხს, ვიდრე უნდა იყოს, რაც საბოლოოდ, საარჩევნო პროცესს აზიანებს", - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა.
მისივე თქმით, ცესკო-ს მოადგილის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, "კომპრომისული ვარიანტი იყო, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ გარკვეული ბერკეტები იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდება": "ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ამბობენ, რომ ვერ დაინახეს არგუმენტაცია, რატომ უნდა გაუქმდეს ეს თანამდებობდა, რადგან ამ თანამდებობის გაუქმება უფრო მეტ ეჭვს აჩენს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის შევიწროებას ცდილობს".
მიმდინარე კვირას, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტით იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი. ამასთან, უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტით ინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სადავო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.
0 კომენტარი