საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ვიცი, რომ ამას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არსებით ხიფათს შეიცავს ნაოსნობისთვის, ეს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ მე მივესალმები შავი ზღვის განსანაღმად მოკავშირეების ძალისხმევას, რათა ის უფრო უსაფრთხო იყოს ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც დასძინა ისიც, რომ „ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს და დააჩქაროს შიდა რეფორმები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ღირებულებებს".
"ჩვენ გვსურს, საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის. ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი „პირველი ვიზიტი ბრიუსელში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოსთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია".
„ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
0 კომენტარი