საქართველოს მმართველი პარტიის წევრები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. კერძოდ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პოლონელი პირველი დიპლომატი ერთობლივ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, მინისტრმა სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ მას შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს. მისივე თქმით, "მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია".

„ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ პირველი თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ვინც ეწვია საქართველოს. როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა გითხრათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ გვახსოვს, ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ეს მისაღები იქნება“, - მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტს. 

მის ამ განცხადებას, პარტია "ქართული ოცნების" წევრები მალევე გამოეხმაურნენ და "მიუღებელი" უწოდეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ "პირადმა ურთიერთობებმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ უნდა გადაწონოს".

„ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომ ამ შემთხვევაში პირადმა ურთიერთობამ არ უნდა გადაწონოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. თუმცა იმავე განცხადებაში სიკორსკის ნათქვამი აქვს, რომ ის პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და შესაბამისად, უბრალოდ, პრეზიდენტს სთხოვს გამოიყენოს შესაძლებლობა. მას არ უთქვამს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არის, ან პრეზიდენტი არ იყენებს მის შესაძლებლობას, რომელიც აქვს, ან სააკაშვილი უკანონოდ ზის ციხეში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კონტექსტში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი შეფასებით, "პრეზიდენტი დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობს ან სურს გარე სიტუაციას დააბრალოს მისი შეწყალება, ან თამაშობს როლს, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს".  

„სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთი რიგითი ოპოზიციონერი, რომელმაც უკვე არაერთ დიპლომატიურ სკანდალში გახვია ქვეყანა. დადის და ისმენს, ხან ბალტიისპირეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ქართული ეკონომიკა, ხან იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს. მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ეს ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თურმე მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების დახურვა და ა.შ. ყოფილა მოდერნიზაცია. ჩვენთვის ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს არის სისასტიკე. მოდერნიზაცია არის დემოკრატია, განვითარება და ევროპა. ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც არ უნდა იყოს, როგორი მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ამ ქვეყნებთან, უნდა შევახსენოთ, რომ მკვლელობა, გაუპატიურება, ადამიანების წამება, ღირსების აყრა, ბიზნესის და ტელევიზიების რეკეტი, ეს ვერ იქნება მოდერნიზაცია, ამას ვერ მიიღებს ქართველი კაცი და ქალი მოდერნიზაციად ვერასდროს. ამას ისმენს სალომე ზურაბიშვილი და უპასუხოდ ტოვებს. მისი მხრიდან ეს ან დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და გარე სიტუაციას დააბრალოს, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს ან ითამაშოს როლი, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს და „არანაცის“ იმიჯი მოირგოს ამით. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-ზე ასე იმანიპულიროს. ამ საკითხს სხვა ახსნა არ აქვს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

მინისტრ სიკარსკის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიაც და აღნიშნა, რომ პირველი დიპლომატი „ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს“.

„რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის პრეზიდენტისთვის იმ ფარგლებში. მე ვფიქრობ, ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტი რას იზამს, ამის წინასწარ პროგნოზირება არ შემიძლია. უბრალოდ, თუკი მოხდება მის მიერ იმის გაკეთება, რასაც სთხოვენ - სააკაშვილის შეწყალება, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს. ეს მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს. რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, პირადად ჩემთვის ეს არის მიუღებელი. პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს. ჩვენ სიკორსკის და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი“, – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *