საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია, რუსეთს ხელი შეეშალოს, გახდეს რეგიონში ექსკლუზიური ძალა, რასაც ის ცდილობს".
"არსებობს უსაფრთხოების აუცილებლობა. ეს არის ერთადერთი პერსპეტივა ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. დღეს მთავარი საკითხი არის უსაფრთხოება. ევროკავშირმა უნდა იგრძნოს უსაფრთხოების საჭიროება. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, არის ის, რაც დააანონსა 2007-ში, რომ არ მისცემდა დასავლეთს შესაძლებლობას შავი ზღვის რეგიონში შესულიყო. ამას მოჰყვა 2008 წლის მოვლენები საქართველოში, ყირიმი - ორივე შავი ზღვის ტერიტორიაა და შემდეგ ომი უკრაინაში. ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესებისთვის, კავშირისთვის, მნიშვნელოვანია, ხელი შეეშალოს რუსეთს გახდეს ექსკლუზიური ძალა, რასაც ის ცდილობს. ეს მნიშნელოვანია სამომავლოდაც, რადგან კომუნიკაცია გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალ წლებში და ათწლეულებში ტრანსპორტის, ენერგიის უსაფრთხოებისთვის,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, გაფართოების პოლიტიკა ეგზისტენციალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე, როგორც აუცილებელია ერთიანობა ავტოკრატების ალიანსის წინააღმდეგ.
"დარწმუნებული ვარ, იპოვით წარმოსახვასა და შემოქმედებითობას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მნიშვნელოვანია: ერთსულოვნება, პროცედურები, რაც არის პირველი და უკანასკნელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, არ არის პროცედურული, მოწონების ან არ მოწონების საკითხი, არჩევანი არ გვაქვს. მინდა გაგიზიაროთ, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ შეხედავთ გლობალურ სურათს, იხილავთ იმას, რაც, ვფიქრობ, ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინაში შეიჭრა და ყველა ჩვენს ქვეყანას კიბერთავდასხმებით, ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ სატელიტურ ომზეც გადადის, რამაც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციასა და მთლიან ლოგისტიკას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად გამოყენებულ წარმოსახვას ნავთი სჭირდება. ჩვენ შიგნით, ვგულისხმობ საქართველოს, რეფორმების ასაჩქარებლად მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ყველას ერთად არ გვაქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთსულოვნად, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და დავდგეთ დღეს იმ ავტოკრატიების ალიანსის წინააღმდეგ, რომლებიც ტერორიზმსა და კიბერთავდასხმებს აღვივებენ. ყველა საფრთხე ერთი მიმართულებიდან მოდის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
0 კომენტარი