დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "მმართველი გუნდის ინტერესებშია, ქვეყანაში მაქსიმალურად პოლარიზებული პოლიტიკური პროცესი წარიმართოს და საკუთარი დღის წესრიგი იმავე დღის წესრიგზე ააგონს, რაც 11 წლის წინ იყო". მისივე შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, დეოლიგარქიზაციის პროცესიც იმ მიმართულებით წარიმართოს, რა მოლოდინიც დასავლელ პარტნიორებს აქვთ, რადგან "ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაკარგოს კონტროლი ხელისუფლებაზე, სასამართლო სისტემაზე, რასაც არ გააკეთებს".
"მმართველ გუნდს პოლარიზებული პოლიტიკური პროცესი აწყობს, რათა იყვნენ მხოლოდ ისინი და მეორე მხარე და არ არსებობდეს "მესამე". მათ იციან, თუ რაზე აპირებენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობას - დაუბრუნდნენ იმავე რიტორიკას, რაც 11 წლის წინ იყო. დაიწყონ წინა ხელისუფლების პერიოდის საქმიანობზე საუბარი და საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები სწორედ ასე მოიპოვონ. მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობს მომავალ საპარლამენტო
არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დეპოლარიზაციის მოთხოვნას. რთულად წარმომიდგენია დეოლგირქიზაციის მოთხოვნის შესრულებაც. ეს ნიშნავს, რომ მან (ბიძინა ივანიშვილმა) უნდა დაკარგოს ძალაუფლება და დათმოს ის ბერკეტები, რომელიც ამ ხელისუფლების
გასაკონტროლებლად გააჩნია, ასევე, დაკარგოს გავლენა სასამართლოზე. ამას კი, ის ფიზიკურად არ გააკეთებს და ვერ გააკეთებს. სწორედ ამიტომ, რთულად მეჩვენება დეოლიგარქიზაციის პროცესი წარიმართოს ისე, როგორც ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან. რაც აქამდე ვიხილეთ მათ მიერ შემოთავაზებული კანონმდებლობისა და ინიციატივების სახით, რეალურად, იყო მცდელობა, საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით გადაეტანათ და სხვებს უწოდონ ოლიგარქები, როდესაც ევროპარლამენტის ორ რეზოლუციაში, საქართველოში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული", - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.
მისივე თქმით, საშიში ტენდენციაა, რომ საქართველო სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსულ ეკონომიკაზე, თავის მხრივ, "ქართული ოცნების პოლიტიკა კი, "მხოლოდ რუსეთს აწყობს". დიპლომატი აღნიშნავს იმასაც, რომ "ამ ხელისუფლების რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკის შეცვლის მოლოდინი არ აქვს".
"პარტნიორების მიმართ ნეგატიური განცხადებების გამო, სამწუხაროდ, დავკარგეთ მუდმივი მხარდაჭერა, რომელიც გვქონდა როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების მხრიდან. ამან გამოიწვია საქართველოს გაუცხოება - საქართველოს აღარ აქვს აქტიური მხარდაჭერა ევროკავშირში, როგორც ეს ყოველთვის ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპელების სახით. განცხადებები, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვისმენთ, რომ თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, რეალურად, ხალხის დასაშინებლადაა მიმართყლი და სრულად რუსული დეზინფორმაციაა. მათ აქვთ მაამებლური დამოკიდებულება რუსეთთან და ამ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებენ, რათა მაქსიმალურად მოხდეს საქართველოში რუსეთის ინტერესების გათვალისწინება. უკიდურესად დაზიანებულია საქართველოს უსაფრთხოებაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებში ვითარება, უკიდურესად გაუარესდა. უფრო მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს მანამდე იყო. რა კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა?! ამის პარალელურად, საქართველო საერთაშორისო განხილვის რაკურსიდან დაიკარგა. საქართველო აღარ არის უკვე თემა საერთაშორისო მოლაპარაკებებისას, რაც ყველაზე მეტად რუსეთს შეიძლება აწყობდეს. ის პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს, შესაძლოა მხოლოდ რუსეთს აწყობდეს. ვწუხვარ, მაგრამ ვფიქრობ, საგარეო მიმართულებით ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, პირიქით, შესაძლოა უფრო გაღრმავდეს. ბოლო ორი წელია, ერთადერთი მხარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით კმაყოფილია, მხოლოდ რუსეთი და რუსი პროპაგანდისტები არიან. ღიად ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება ბრძნულ ნაბიჯებს დგამსო. თანმიმდევრულად ხდება რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდაც. ხელოვნურად იქმნება ბერკეტი, რომელსაც რუსეთი ნებიმიერ მისთვის სასურველ დროს გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება", - აღნიშნა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, "მოსახლეობის სიფხიზლე, რათა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ანგარიშვალდებულება გაიზარდოს".
0 კომენტარი