დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაბრუნდეს უკრაინისა და მოლდოვას ჯგუფში და დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები".
"გვაქვს განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროცესს იმავე დამოკიდებულებით გააგრძელებს, რაც აქამდე ჰქონდა. კანდიდატის სტატუსის რეჟიმში ქვეყნებს წლების განმავლობაში შეუძლიათ დარჩნენ, მაგალითად, არიან ქვეყნები, რომლებიც ორი ათწლეულია სწორედ ამ რეჟიმში იმყოფებიან. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ცხადყოფს, რომ შემდეგი პროცესი, თავიდან ბოლომდე კონკრეტული სახელმწიფოს ხელში გადადის. ახლა ყველაფერი
სწორედ საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ისევ იმ ჯგუფში გადავიდეთ, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, ანუ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თავიდანვე მონდომებული იყო ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ახლოს ვიყავით პროცესის ჩავარდნასთან, ე.წ. რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული კანონმდებლობის მიღების მცდელობით დაწყებული, ევროპარლამენტარების მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით დამთავრებული.
რაც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ , რომ კანდიდატის სტატუსი მისი დამსახურებაა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მკაფიო დავალებას აძლევს ხელისუფალს - ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანიკუტირ სტრუქტურებში", - აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა გაევრცელებინა ანტიევროპული ნარატივი - "ასეთი ევროპა ჩვენ არ გვინდა", მათი მცდელობა ჩავარდა და საზოგადოებაში ევროინტეგრაციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა".
"საქართველოს მოსახლეობის განწყობა ორი ორგანიზაციის მიმართ, 73-75%-ზე დაბლა არასოდეს ჩამოდის. ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია მოსახლეობის მხარდაჭერა, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ნატო-ში კი, საქართველოს მომავალს მოსახლეობის 80%-ი ხედავს. 2022 წლის 24 თებერვლამდე, სანამ რუსეთი პირდაპი სამხედრო ინტერვენციას განახორციელებდა, იგივე რეალობა არ იყო უკრაინასა და მოლდოვაში. ამ ორ ქვეყანაში მოქალაქეების დიდი პროცენტი ამბობდა, რომ პროცესის დაჩქარება არ სურდათ. საქართველო ამ მხრივაც უნიკალური ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი უწყვეტია და არ იცვლება.
მრჩება შთაბეჭიდლება, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, ევროკავშირმა ჩვენს მიმართ ბოლო შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან საუბრისას „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა.
0 კომენტარი