Globalnews.ge-სთან საუბრისას ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ "დასავლელ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაპირებების ნდობა შესაძლებელია". შეკითვაზე, პრემიერ-მინისტრის ცვლილება და მანამდე, პოლიტიკაში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება, როგორ აღიქმება საერთაშორისო პარტნიორების გადმოსახედიდან, ლიეტუველი კანონმდებელი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ "საქართველოს პრეზიდენტის შეფასებებს იზიარებს". 

"საქართველოს პრეზიდენტის შეფასებები მოვისმინე და მის თითოეულ სიტყვას ვიზიარებ, რადგან საქართველოში გარკვეული პროცესების ნაწილი მეც გახლდით. ბუნებრივია, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე, კონკრეტულ პიროვნებებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებათ, რადგან საბოლოოდ, ყველა საკითხის გადაწყვეტა ნდობაზეა დაფუძნებული. გვაქვს თუ არა დღეს ერთმანეთის ნდობა? ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საქართველო, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, ევროპულ გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის ემზადება. სწორედ ამ პროცესში, ჩვენ, დასავლელ პარტნიორებს უნდა გვქონდეს განცდა, რომ შეგვიძლია საქართველოს ხელისუფლების დაპირებებს ვენდობით. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს შევალთ მოლაპარაკებების გახსნის პროცესში მთავრობასთან, რომელსაც არ ვენდობით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას ვენდობით და სწორედ ამიტომაც გაიხსნა მათთან წევრობის საკითზე მოლაპარაკებები", - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა. 

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი ნდობა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ, ის პასუხობს, რომ "ქართველ ხალხს, როგორც ევროპელ ერს ენდობა". 

"ჩვენ ვენდობით ქართველ ხალხს, როგორც ნამდვილად ევროპულ ერს. თქვენ კარგი ევროპელები ხართ და ძალიან გვიყვარხართ. რაც შეეხება ხელისუფლების ნდობის საკითხს, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდესმე დავიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან, რადგან მათ ნდობის რესურსი ამოწურეს. საუბარია პოლიტიკურ ნდობაზე. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ გაფართოების კუთხით, თუმცა ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ბატონი ორბანის ნაბიჯებს. ის ბევრს იტყუება. მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შვედეთს არ შეაფერხებს, თუმცა მოგვიანებით ვნახეთ, რომ არც კი უბიძგა კანონმდებლებს, პარლამენტში ამ საკითხის რატიფიცირებისთვის მისულიყვნენ. ასე რომ, ნამდვილად არ გვსურს ჩვენს ოჯახში ვიხილოთ სხვა ჩინური ან რუსული თოჯინა. ევროპელებს დიდი სტრატეგიული მოთმინების უნარი აქვთ. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ვართ ერთიანი ოჯახი, სადაც სიყვარულის გარდა, ერთმანეთის მიმართ ნდობაც გვაქვს და საერთო თამაშის წესებითაც ვმოქმედებთ. რამდენიმე წელია საქართველოსგან შესაბამის გზავნილს ველოდებით, თანამშრომლობას ვცდილობთ... ევროკავშირმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიანიჭა, პირადად მე და ლიეტუვის პარლამენტმა ერთმნიშვნელოვნად დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საქართველოსგან შემხვედრ ნაბიჯებს ახლა მაინც დავინახავთ. ეს კი, პირველ რიგში, დემოკრატიული ღირებულებების დაცვას გულისხმობს. ფაქტია, რომ საქართველოში გაკეთდა ყველაფერი, რათა ალტერნატიული აზრი და ძალა ჩაეხშოთ და გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც. თუ მმართველი პარტიის მიზანია ნებისმიერი ოპოზიციური აზრისა და ძალის განადგურება და იმის ჩვენება, რომ მხოლოდ თავადაა ერთადერთი ძალა, ეს ცხადი მაგალითი იქნება იმისა, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურს ევროპული ღირებულებების გაზიარება. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, კომუნისტურ პარტიას მახსენებს. თითქოს ერთი დრაკონი დამარცხდა და მისი ადგილი სხვებმა დაიკავეს. ევროპის მიზანი, განსხვავებული შეფერილობის საბჭოთა კავშირის რეჟიმის შექმნის წახალისება კი არა, თავისუფალი, დამოუკიდებელი და ბედნიერი მომავლის შექმნის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაშიც არსებობდა კომუნისტური პარტია და ჩვენი ოლიგარქებიც გვყავდნენ, მაგრამ ისინი გვერდზე გადგნენ და ლიეტუველ ხალხს შესაძლებლობა მისცეს დემოკრატიული ცვლილებები განეხორციელებინათ. თუ ანალოგიური პროცესი თქვენთანაც არ მოხდება, როგორ შეგვიძლია საქართველოსთან ნდობის აღდგენაზე საუბარი?! თუ საქართველოში ჩატარდება არჩევნები, სადაც ყველაფერი მათი ძალაუფლების გარშემო იქნება მონოპოლიზირებული, მაშინ რა განსხვავება უნდა დავინახოთ ლუკაშენკოსა და იანუკოვიჩის რეჟიმისგან?!", - განაცხადა Globalnews.ge-სთან საუბრისას ლიეტუველმა კანონმდებელმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *