Globalnews.ge-სთან საუბრისას, ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აჩვენებს, რომ მას სურს როგორც პოლიტიკურ პროცესებზე, ისე საზოგადოებაში მართვის ყველა გასაღები ხელში ჰქონდეს”. მისივე განცხადებით, ევროკავშირსა და ევროპარლამენტს საქართველოსგან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოსგან, კრიტერიუმების საფუძვლიანი და არა ფორმალური შესრულების მოლოდინი აქვს.
“რა იყო მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რისი ეშინია ან რა აწუხებს? შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ წინა პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხდებოდა. საქართველოს მთავრობას ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ევროპული პარლამენტი და ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან ძლიერ პოლიტიკურ ნებას მოელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სპეციფიური რეგულაციები, როგორიცაა უსაფრთხოება და ეკონომიკური მიმართულებები, რაც ასევე მოითხოვს რეფორმებს და ზოგჯერ საკმაოდ მტკივნეულ ცვლილებებსაც კი, მაგრამ ამ კრიტერიუმების ტექნიკური საკითხების შესრულება საკმარისი არ გახლავთ. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მომწიფებულია და რომ სახელმწიფოში დემოკრატია ევროპული სტანდარტებით მუშაობს, სადაც არ დევნიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და რომ მმართველი პარტია თავისუფალია ოლიგარქიული გავლენისგან, მაშინ ასეთი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე წინ ვერ წაიწევს. ქართველი ხალხის საბოლოო მიზანი კი, ევროკავშირის წევრობაა", - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.
შეკითვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯები შეფერხდება, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".
"ყველაფერია შესაძლებელი. პირველ რიგში, შეფასდება საქართველოს მიღწევები, როგორ შესრულდა კრიტერიუმები, რათა ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წინ. ისეთ კანდიდატ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვან ყურადღებას ვაქცევთ. მოლაპარაკების გახსნამდე, ერთვება როგორც ევროპული პროფესიული, ასევე, ინტელექტუალური რესურსი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ფუჭი არ იქნება, რესურსები და დრო არ დაიკარგება და საქართველოს მთავრობა სერიოზულად მიუდგება საქართველოსთვის დაკისრებულ ვალდებულებებს. რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ტექნიკური დეტალების შესრულებას ცდილობს, თუმცა არაფერს აკეთებს საბაზისო კრიტერიუმების განსახორციელებლად, რაც გულისხმობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, კანონის უზენაესობასა და რა თქმა უნდა, არჩევნებს. საუბარია არა ფორმალურად განხორციელებულ ცვლილებებზე, არამედ ფუნდამენტურ რეფორმებზე" - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს "სერიოზულად დააკვირდება, თუმცა არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ, მთლიან წინასაარჩევნო პროცესს".
"არჩევნებზე დაკვირვება, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ არჩევნების დღისა და ბიულეტენების დათვლის პროცესის მონიტორინგს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. მთელმა საარჩევნო პროცესმა უნდა მიაღწიოს გამჭვირვალობის მაღალ დონეს. ეს ნიშნავს სატელევიზიო და საკომუნიკაციო საშუალებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ოპოზიციური პარტიებისთვის, ამასთან, ოპოზიციას თუ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს დევნის შიში ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა დაჯგუფებების მხრიდან, არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ. არც ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა გახლავთ საარჩევნო გარემოზე დადებითი გავლენის მომტანი პირობა. ეს პირობები მთლიანობაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირებლებისთვის, რათა არჩევნების შედგები შეაფასონ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგზავნოს მოწვევა, რომ დამკვირებლები საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით ჩამოვიდნენ. პროცესის ხანგრძლივი დაკვირვება იქნება წინაპირობა შეფასდეს, ჩატარდება თუ არა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები", - განაცხადა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
0 კომენტარი