"რუსეთმა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომის საშუალება ჩრდილოეთ კორეას მისცა. ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა. ამასთან, გაეროს მიერ სანქცირებული ჩრდილოეთკორეული აქტივების ნაწილის განბლოკვა შეძლო" - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დაზვერვის სამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება მისცა, რუსულ ბანკებში გაყინული, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარიდან ცხრა მილიონ დოლარზე დაწესებული შეზღუდვები მოეხსნა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩრდილოეთი კორეა ამ თანხით ნავთობს შეიძენს. The New York Times-ის ოფიციალური წყარო ამბობს იმასაც, რომ მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას ნება დართო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საბანკო ანგარიში გაეხსნა.
„დელიკატურ სადაზვერვო ინფორმაციაზე ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალური პირების თქმით, ახალი საბანკო ანგარიში გაიხსნა სამხრეთ ოსეთში, თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში კავკასიის რეგიონში, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან“, - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.
სავარაუდოდ, საუბარია 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკზე“ (MRB Bank), რომელზეც ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გავრცელდა. „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკმა“ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ რუსეთი ცხინვალის ბანკის მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლით ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს.
0 კომენტარი