საფრანგეთის პარლამენტის წევრი და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ბენჟამინ ჰადადი Globalnews.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრის პირველივე ვიზიტით უკრაინაში გამგზავრება, მკაფიო გზავნილია, რომ პარიზი კიევს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. შეკითხვაზე, რამდენად მზადაა საფრანგეთი, რომელსაც ხშირად გადამწყვეტი როლი აქვს ევროპის პოლიტიკურ პროცესებზე, დასავლეთის პოზიციები გაძლიერდეს იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი ჯერ კიდევ საკუთარი გავლენის სფეროებად აღიქვამს, ფრანგი კანონმდებელი პასუხობს, რომ ევროკავშირის მიერ არჩეული საგარეო კურსი მომავალშიც "მტკიცედ გაგრძელდება".
"საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრის კიევში ვიზიტი გახლდათ უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატული მკაფიო სოლიდარობისა და მხარდაჭერის მორიგი ძლიერი გზავნილი. ჩვენ ამ ერთგულებას გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნებთ, რაც მოიცავს როგორც სამხედრო, თუ ფინანსურ დახმარებას, ასევე, ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას. რაც მთავარია, ასეთი მკაფიო გზავნილი დღეს აქვს არამხოლოდ საფრანგეთს, არამედ, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს. ფოკუსი ევროპაში გასწორდა და ყველანაირი ორაზროვანი განცხადებები რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, გაიფანტა. ეს პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი თავგანწირვისა და ბრძოლის შედეგია. პრეზიდენტმა მაკრონმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნილიყო და ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ორბანთან მოლაპარაკებების კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ევროპის გაძლიერების ნაწილია და ის მომავალშიც მყარად გაგრძელდება", - აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი ფაქტორი "სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა იქნება".
"პირველ რიგში, მიხარია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. ქართველი ხალხი ევროპელი ერია და დეტალურად ვიცი, როგორ იბრძოლეს მათ ევროპული მომავლისთვის. ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს ვსტუმრობ, ნათლად ვხედავ, თუ რამდენად ჩართულია საზოგადოება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ვფიქრობ, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ამ მხრივ გულწრფელიც მინდა ვიყო. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე, დავინახოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავის მოქმედებებში თავისუფალია და არ იზღუდება, შექმნათ დამოუკიდებელი მედია გარემო და სასამართლო სისტემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველომ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს კორუფციას. ყველა ამ მიმართულებით, საქართველო ერთგვარი მოდელი და მაგალითი გახლდათ, უამრავ სფეროში პროგრესს ვხედავდით, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ცვლილებებს ვამჩნევთ. ერთ-ერთი უმთავრესი ტესტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. ჩვენ ამ პროცესს სერიოზულად დავაკვირდებით. ვფიქრობ, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა იქნება განმაპირობებელი, როგორ გაგრძელდება საქართველოს ევროპული გზა", - განაცხადა საფრანგეთის პარლამენტის წევრმა და მმართველი გუნდის წარმომადგენელმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში.
0 კომენტარი