თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქტივისტ ნატა ფერაძეს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით აღძრა. მოსამართლემ, მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმა, წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია. საუბარია ხატზე, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი, საბჭოთა კავშირის დიქტატორს, იოსებ სტალინს ეძღვნება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, რომელიც აქტივისტ ნატა ფერაძის უფლებებს იცავს, გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა. "მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება არ დაასაბუთა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ნატა ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა და ის სამართალდამცავებმა სახლში დააკავეს. მან დაკავებისას მედიასთნ თქვა, რომ „ვერ შეაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოამჟღავნებს".
0 კომენტარი