პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ამჟამად, საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "პასუხი საბოლოო პასუხი დებატების შეთავაზებაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ არ მიუღია და ელოდება". 

"ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა, შემდეგ ჯერზე როდის წავა. ეს სერიოზული შეკითხვაა. ძალიან კარგად მახსოვს, მისი ბოლო წასვლა, რაც დაპირება კი არ იყო, არამედ, აბსოლუტურად გააზრებული განცხადება როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით გუნდისთვისაც და მაშინ უკან დასახევი ყველა გზა გადაჭრილი გახლდათ კონცეპტუალურად, ლოგიკურად და ემოციურად. ახლა ამან ცირკისა და თამაშის სახე რომ არ მიიღოს... წავედი, მოვედი, წავედი, მოვედი... როგორ რანაირად, საბავშვო ბაღი ხომ არაა?! ეს კითხვა მექნებოდა - შემდეგ ჯერზე როდის დაგვტოვებს. თუმცა იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, ეს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული კითხვები პირადადაც დავუსვა. 

შეკითხვაზე, პარტიის ყრილობაზე, პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის შესახებ განცხადების გაჟღერებისას, რატომ დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დაწყება მხოლოდ მას და მის გუნდს შეუძლია და ეს ბიძინა ივანიშვილმა იცის. 

"მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დამასახელა, რომ იცის, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი დაიწყოს. სხვას ეს არავის შეუძლია. არ ვიცი რა იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი და პარტია, რომელსაც ამ მავნებლური რადიკალური, მახინჯი და უვარგისი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დაწყების ძალა აქვს და ამას გავაკეთებთ 2024 წლის არჩევნებიდან", - აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *