ცესკოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, ელექტრონული არჩევნების განსახილველად შეხვდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხარეებმა ილაპარაკეს და იჩხუბეს კიდეც ყველაფერზე, გარდა ელექტრონული არჩევნებისა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, მაგრამ დაპირისპირების ხმა, პერიოდულად, დახურული კარიდანაც აღწევდა და უნდა ითქვას, რომ ელექტრონული არჩევნების საკითხი, ამ ჩხუბშიც არავის უხსენებია. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც შეხვედრაზე ხმამაღალი საუბრით გამოირჩეოდა, საარჩევნო ადმინისტრაციებში საჯარო მოსამსახურეების ნათესავებისა და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების შესაძლო დანიშვნებს აპროტესტებდა, რაც ამ შეხვედრის თემა, სრულებითაც არ ყოფილა.
უკვე ცნობილია, რომ წელს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, რომლის საპილოტე რეჟიმი, პირველად, 2018 წელს გამოიყენეს. 2021 წლამდე მისი გამოყენება, მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ხდებოდა, 2023 წელს კი, რიგგარეშე არჩევნები, რამდენიმე ოლქში, უკვე სრულად ელექტრონული პრინციპით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ის სტანდარტებს შეესაბამებოდა. ცესკოს ინფორმაციით, კომპანია Pro V&V, ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია. „Pro V&V აშშ-შიც წამყვანი და ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტს ახორციელებს“ - ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურას, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ის ამომრჩეველთა ვერიფიკაციას, ხმების მოთავსებასა და აპარატების გამოყენებით, ხმების დათვლას გულისხმობს. არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნული პროცესი, წინასწარი მონაცემებისა და შედეგების უმოკლეს ვადებში დათვლა/გასაჯაროების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ელექტრონული არჩევნებისთვის ბიულეტენი იბეჭდება განსხვავებული ფორმატის ფურცელზე, სადაც სასურველი კანდიდატის არჩევისას, სათანადო უჯრის სპეციალური კალმით გაფერადებაა აუცილებელი. შემდეგ ბიულეტენი სპეციალურ კონვერტში, საბოლოოდ კი, ყუთში, ანუ აპარატში თავსდება. ის ქსელში ჩართული არ გახლავთ და ხმების დათვლა ინდივიდუალურად, თითოეულ ყუთში მიმდინარეობს. ვალიდურად ჩაითვლება მხოლოდ ის ბიულეტენი, რომელიც წესების დაცვით იქნება წარდგენილი. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, რამდენიმე სუბიექტის გაფერადებისას ან წარწერების გაკეთება/შემოხაზვისას, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. ბოლო არჩევნებზე, აღნიშნულ სისტემას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა - პლანშეტების გამოყენება, რომელთა მეშვეობითაც, აპარატის მიერ დათვლილი ინფორმაცია, ცესკოში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან უნდა გადაიგზავნოს და მყისიერად გასაჯაროვდეს ცესკოსვე ვებგვერდზევე.
„დღევანდელი მოცემულობით, ადმინისტრაცია და ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები, ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს სტანდარტებს სრულად პასუხობს. 2018 წლიდან დღემდე, 8 მცირე თუ ფართომასშტაბიანი პილოტი ჩატარდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ყველა რისკი და საფრთხე დავაზღვიოთ... 8 პილოტის შემდეგ, საზოგადოებამ ნახა, რომ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს და მნიშვნელოვნად აზღვევს წუხილებს, რაც საარჩევნო პროცესში, განსაკუთრებით კი, კენჭისყრის დღეს არსებობდა“ - აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
პოლიტიკურ პარტიებთან ცესკოს შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია IRI-ის მიერ იყო ორგანიზებული, კომპანია „სმარტმატიკის“ ხელმძღვანელობაც ესწრებოდა, ვისგანაც ცესკომ ელქტრონული არჩევნებისთვის აპარატურა შეიძინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის წარმომადგენლებიც. შესაბამისად, მოლოდინი იყო, რომ ოპოზიცია დასვამდა იმ შეკითხვებს, რაც ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილმა ხმაური სულ სხვა საკითხებზე წამოიწყო, რის გამოც შეხვედრისთვის განსაზღვრული დრო ისე ამოიწურა, რომ ელექტრონულ არჩევნებზე კითხვების დასმისთვის სივრცე აღარ დარჩა.
შეხვედრზაე არსებული პრობლემის შესახებ პირველი განცხადება მედიასთან პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა, რომელმაც შეხვედრა დროზე ადრე იმის გამო დატოვა, რომ როგორც თავად აღნიშნა, „ნაციონალების“ ლიდერი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა".
„მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ - „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან. „ოცნების“ წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარე და სხვები მიჰყვებიან ნარატივს, რომ ელექტრონული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტიაა. რეალურად, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წინგადადგმულო ნაბიჯია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არჩევნები საარჩევნო დღეს კი არა, მანამდე ყალბდება. უკვე დღეს უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი კორუფციის, შავი ფულისა და სისტემური მუქარა-ზეწოლის გამოყენებით. ამას შედეგებზე დიდი გავლენა ექნება. დღეს აქ მოვედი იმის განსახილველად, როგორ მუშაობს ეს სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. მანამდე მათ სხდომა პარლამენტში ჩაშალეს, შემდეგ, საკრებულოშიც, რასაც ეფექტურად იყენებს ცესკო და "ოცნება", - აღნიშნა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.
მას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული „არაადეკვატური განცხადების“ შინაარსი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, თავად ლევან ხაბეიშვილმა მოგვიანებით განმარტა, რომ ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმურობის შესახებ იკითხა.
„ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - ასეთი თავმჯდომარის პირობებში, როგორ შეიძლება ცესკოს ჰქონდეს ლეგიტიმაცია? ცესკო თავიდან ბოლომდე შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“ და პროცესებს მართავს სუს-ი“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარტიების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ, საზღვარგარეთ უბნების გახსნისა და ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემის საკითხია.
"მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე უცხოეთშია, რომლებიც არჩევნებში არალეგიტიმური ცესკო-ს გამო, მონაწილეობას ვერ იღებენ. ვპირდები "ქართულ ოცნებას" და ცესკოს, ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს მოფიქრებული, რომ ვერცერთ ხმას გააყალბებენ, ეს წელი საქართველოში დეოლიგარქიზაციით დასრულდება, რომლის მთავარი შედეგიც კოალიციური მმართველობა იქნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პარტია „საქართველოსთვის“ მოსაზრებით კი, ემიგრანტებმა არჩევნებში ხმა ონლაინ უნდა მისცენ. ცესკო-ს თავმჯდომარის მტკიცებით, " ყველა პროცედურა, რამაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს, წესებით განსაზღვრულ დროს ჩატარდება".„შესაბამისი უწყება მოგვაწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, რაც გახდება საფუძველი, რომ კომისიამ კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელოს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ამ შეხვედრაზე ყველაფერზე ილაპარაკეს, იკამათეს და იჩხუბეს, გარდა ელექტრონული არჩვენებისა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა ჩვენთან საუბრისას „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
„ეს არის ელექტრონული ხმის დათვლა და არა ელექტრონული არჩევნები, რაც თავისთავად კარგია, ბევრ პრობლემას, რაც მანამდე არსებობდა საარჩევნო უბნებზე, აღნიშნული სისტემა მოაგვარებს, თუმცა, ცხადია, კითხვები რჩება. მთავარი კითხვა დაკავშირებულია სიებთან, როგორ ხდება მისი შედგენა, შემდეგ მისი სისტემაში შეყვანა და გადამოწმება. მექანიზმი, რომელსაც ცესკო ასახელებს, ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ 100 წელი დასჭირდება პარტიას, რომ დაჯდეს და ის გადაამოწმოს. მთავარი პრობლემა არის აქ - რამდენად შეიძლება არსებობდეს ნდობა იმ სიების მიმართ, რომელსაც ადგენს საჯარო რეესტრი, სადაც კაცმა არ იცის, რა ხდება. გამოსავალს რაც შეეხება, მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მარტივია - ცესკოს საიტზე შეუძლიათ მიუთითონ, ვინ არის საზღვარგარეთ გასული. ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის გარეთ იმყოფება, უნდა შეეძლოს გადამოწმება, არის თუ არა თავად სიაში მომონიშნული, როგორც საზღვარგარეთ მყოფი პირი. შესაბამისად, ასეთი მოქალაქეები ქვეყნის შიგნით მყოფთა სიიდან უნდა ამოიღონ, თუმცა ამ მიმართულებით, ცესკო, საერთოდ არ მსჯელობს,“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ბევრმა პარტიამ შეკითხვის დასმა ვერ შეძლო, თუმცა პირადად მან, ცესკოს თავმჯდომარისგან პირობა მიიღო, რომ კონკრეტულ საკითხებზე გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრა შედგება, თუმცა თარიღი, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.
0 კომენტარი