31 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა, რომლისთვისაც ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი აიყვანეს, შემდეგ კი ყველა მათგანი დახვრიტეს. ამ დღეს წინ უძღოდა ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს.
სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
არსებული მონაცემებით 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარსიკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაშვებულია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების შენობებზე.
0 კომენტარი