თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

დღევანდელი დაძაბული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მის გარშემო პოლიციის მობილიზაციის ფონზე გაიმართა. მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში შეკრების უფლება არ მისცეს. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დააკავეს. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ტელევიზიების გადამღები ჯგუფები კამერებით. სხდომას, რომელიც პატარა დარბაზში გაიმართა, რომელიც დაახლოებით 15 ადამიანს იტევდა, ორი დიპლომატი დაესწრო ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოებიდან, ასევე Amnesty International-ის წარმომადგენელი. დასასწრებად ასევე მივიდნენ სხვა დიპლომატებიც, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიისა და აშშ-ის საელჩოდან, თუმცა ისინი არ შეუშვეს.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზურაბ ჯაფარიძემ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის მისთვის შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. ჯაფარიძე, ოპოზიციის უმეტესობის მსგავსად, აცხადებს, რომ არ ცნობს ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა.

წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც შეეფარდა გირაო. ჯაფარიძის მსგავსად, პარტია „ახალის“ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ, განაცხადეს რომ ისინიც არ აპირებენ გირაოს გადახდას, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მათაც პატიმრობა ემუქრებათ. გასულ კვირას სასამართლომ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ანალოგიურ საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ლელოდან“, უკვე გადაიხადეს გირაო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისიც იგივეს გააკეთებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სადავო კომისია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიას, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და რომელსაც თავდაპირველად 2003 წლიდან 2012 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სავარაუდო სისტემური დანაშაულების გამოძიება ევალებოდა, მოგვიანებით მანდატი გაუფართოვდა და ის ახლა დღემდე არსებულ პერიოდს მოიცავს.

კომისია ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა სავარაუდო წამება, ბიზნეს-რეკეტი და 2008 წლის აგვისტოს ომი, რაშიც ის ყოფილ ხელისუფლებას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმეტესობამ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ერთადერთი გამონაკლისი იყო “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.

„ქართული ოცნება“ გეგმავს თავისი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში წარუდგინოს და, ანგარიშის საფუძველზე, აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი „მემკვიდრე პარტიები“,  რომელთა შორის მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები მოიაზრება. 13 მაისს “ქართული ოცნების” პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *