კლინიკა „ვივამედში“ 4 მაისს, ღამით პატიმარი იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან 3 თვის წინ გადაიყვანეს.
გარდაცვლილის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუმცა მისთვის უცნობია, თუ ვინ გააკეთა ეს. ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი “ვივამედში” პატიმრის კლინიკაში მოთავსების დროს იმყოფებოდა, თუმცა მასთან მაშინ გასაუბრება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. ამის შედეგად გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. განცხადებაში წერია, რომ პატიმრის სამედიცინო მასალებით მრავლობითი დაზიანებები ვლინდება.
„აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა, რომლის თანახმად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პატიმართან ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.
მათივე განცხადებით, ბრალდებული, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას შესახლებისას პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები ჩაუტარდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დაწესებულებაში ყოფნის დროს, არც ბრალდებულს და არც მის უფლებადამცველს ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ამ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. მათი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0 კომენტარი