ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 24 აპრილს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის ძირითადი მიღწევები და პრიორიტეტები გასული წლის განმავლობაში. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის აღწერით შემოიფარგლება, თუმცა გამოტოვებულია ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტები, როგორიცაა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულება საქართველოს საბოლოო წევრობის ან ქვეყნის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსის შესახებ.
საქართველო დოკუმენტის რამდენიმე ნაწილშია წარმოდგენილია, როგორიცაა თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ინსტიტუციური რეფორმა და ალიანსის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში, თუმცა არ არის ნახსენები ღია კარის პოლიტიკის ნაწილში.
ანგარიშში ნახსენებია საქართველოს მონაწილეობა ნატოს ინიციატივებში, რომლებიც პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა ნატოს გამჭირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიებს თავდაცვის სექტორში გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური მდგრადობის ხელშეწყობისთვის. საქართველო ასევე რჩება სამხრეთ კავკასიაში ნატოს ჩართულობის ყურადღების ცენტრში, სადაც ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა რეგიონში პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ნატომ და საქართველომ ასევე განაგრძეს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ალიანსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, საქართველომ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში 2024 წლის ივნისში გამართულ წვრთნებში (CWIX24) და ასევე 2024 წლის სექტემბერში ნატოს-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“.
ნატოს მიერ წვრთნისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მცდელობის ფარგლებში, საქართველო რვა პარტნიორიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული დახმარებით სარგებლობდა. 2014 წლის ნატოს უელსის სამიტიდან მოყოლებული და 2024 წლის ბოლოსთვის, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიმღებ პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, ამ ინიციატივისთვის თითქმის 88 მილიონი ევრო გადასცეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დახმარება ეფუძნება „რამდენიმე ძირითად პრინციპს: დახმარების მორგება პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და გარემოებებზე; მდგრადობასა და გრძელვადიან ეფექტზე ფოკუსირება; ამ სფეროში ნატოს უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება; და პარტნიორებისთვის საკუთრების უფლების მინიჭება“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო სტრუქტურირებულ ორმხრივ ურთიერთობებს ინარჩუნებს ევროატლანტიკური რეგიონის 16 პარტნიორთან, მათ შორის საქართველოსთან, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC) და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP) პროგრამის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არ არის ნახსენები ნატოს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. იგივე ეხება უკრაინასაც. გენერალური მდივნის 2023 წლის ანგარიშში საქართველო ნახსენები იყო როგორც „ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი“ და „ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყანა“.
გენერალური მდივნის 2022 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო: „მოკავშირეები კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებას ნატოში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული და 2022 წლის მადრიდის სამიტზე დადასტურებული გადაწყვეტილებების შესაბამისად“.
წყარო: civil.ge
0 კომენტარი