ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.
23 აპრილს, ის "ქართული ოცნების" ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთოს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს", – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენერალური მდივანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. გუშინ ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებთა მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას გაეცნო.
0 კომენტარი