„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კუთხით. ეს ნაბიჯი ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაგმეს და მას ქვეყანაში ავტორიტარული სისტემის შემდგომი კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.
ცვლილებები იმას გულისხმობს, რომ აკრძალული პარტიების წევრები მომავალშიც ვეღარ შექმნიან ახალ პარტიას.
ცვლილებები მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვას, რომელთა „საქმიანობის არსი და გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მარტის ბოლოს, როდესაც ცვლილებები დაანონსა. მდინარაძემ კანონის პოტენციურ სამიზნეებად ოთხი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დაასახელა, რომელთაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს.
ცვლილების მიზანი „დემოკრატიული კონსტიტუციური წესწყობილების დაცვაა“, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში თანდართული ცვლილება კონკრეტულ ვადებს ადგენს პოლიტიკური პარტიების მიმართ კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 14 დღეს“.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საჭიროა უფრო მკაცრი ვადები იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პარტიები ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ გარემოზე.
კომიტეტმა პოლიტიკური შემოწირულობების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარტიების აკრძალვის შესახებ ცვლილებების გარდა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის გარშემო რეგულაციებს ა,კაცრებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კირცხალიას მიერ წარდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღონ შემოწირულება.
კანონპროექტის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე „საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. გრანტის მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. კირცხალიამ განმარტა, რომ თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
მისი თქმით, მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება საქართველოს საზღვრებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდია და გრანტები. ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა.
კირცხალიამ განაცხადა, რომ „მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“.
0 კომენტარი