რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის დადგენილი რაიმე ზუსტი ვადები.
ჟურნალისტებმა მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაილ გალუზინის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
„რაიმე ზუსტი ვადები არ არსებობს. თუმცა, რუსეთი რომ ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, ნამდვილად ასეა“ - განაცხადა პესკოვმა, საკითხის დამუშავებისთვის ვადების არსებობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ ყველა იმ ქვეყანასთან კეთილსაიმედო ურთიერთობების დამყარებაში, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომლებსაც ეს სურთ“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
დღესვე მიხაილ გალუზინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა:
„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ზუსტად ამას. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისთვის მზადყოფნის შესახებ და აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ამ საკითხის „დაკავშირება“ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილებასთან.
„არაერთხელ განგვიცხადებია და მეც მზად ვარ გავიმეორო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ რუსეთის ფედერაციის 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა გალუზინმა.
წყარო: RFE/RL
0 კომენტარი