საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) 3 აპრილს თავის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც მკაცრდება არჩევნების დღის პროცედურები და იზღუდება მედიისა და დამკვირვებლების წვდომა საარჩევნო უბნებზე. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ეს ნაბიჯი და საარჩევნო გამჭვირვალობისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. მათ გააფრთხილეს, რომ ცვლილებები კიდევ უფრო გაართულებს არჩევნების გაყალბების გამოვლენას, მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ პრობლემას.
ცვლილებებით საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირისთვის დაუშვებელი იქნება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის გამორთმევა, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეეზღუდებათ არა უმეტეს ერთხელ და არა უმეტეს ათი წუთის განმავლობაში, ხოლო უფრო ხანგრძლივი გაშუქება მხოლოდ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან იქნება დაშვებული.
მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან. ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები ან რელიგიური ლიდერები აძლევენ ხმას, რის შემდგომაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილ უნდა იქნას კენჭისყრის შენობიდან.
ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად ამცირებს გამჭვირვალობას და ზღუდავს არჩევნების დამკვირვებლების შესაძლებლობას აღმოაჩინონ შესაძლო გაყალბება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ შეშფოთება გამოხატა ცვლილებების გამო და განაცხადა, რომ „დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოაგენს“.
ამ საკითხზე კომენტარი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ცესკო-ს მიერ მიღებული ცვლილებები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი „ძალიან ნერვიულობს“ და არჩევნებისთვის ემზადება. „იცის, რომ არჩევნების დანიშვნა მოუწევს, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. უნდა მომზადდეს დამკვირვებელთა ჯარი, დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა. ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა მან.
ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა ასევე გააკრიტიკა ცვლილებები და აღნიშნა, რომ „’ოცნება’ ემზადება არჩევნებისთვის. მიმდინარეობს ზეწოლის, კორუფციის, მანიპულაციის ყველანაირი რესურსის მობილიზაცია და ცენტრალიზება და 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია“.
ბრალდებები ე.წ. კარუსელის შესახებ 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო არჩევნების დროსაც გაჟღერდა. „ტვ პირველის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ არაერთი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც ადამიანები სხვისი სახელით, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. ამავე მასალის თანახმად, მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა საარჩევნო მუშაკმა, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო გაყალბებას.
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“, რომელიც ათეულობით ქართულ სსო-ს აერთიანებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 300 000-ზე მეტი ხმის ბათილად ცნობა მოითხოვა მას შემდეგ, რაც გაყალბების სქემა გამოაშკარავდა. ორგანიზაციამ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სხვადასხვა სქემები, მათ შორის ე.წ. კარუსელის მეშვეობით ხმის მიცემა დაასახელა.
წყარო civil.ge
0 კომენტარი