31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 34 წლისთავზე, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქცია "დგება ხალხის გაზაფხული" იმართება.
"31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე, როდესაც, 1991 წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99.08%-მა „დიახ” უთხრა დამოუკიდებლობის აღდგენასა და რუსული ბატონობის დასრულებას", – წერია 31 მარტის აქციის აღწერაში.
დემონსტრაციას რუსთაველის გამზირზე არაერთი მსვლელობა შეუერთდა, მათ შორის სტუდენტების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; ასევე შეუერთდა მსვლელობა, რომელიც სამი დღის წინ დმანისში დაიწყო და 100 კილომეტრი მონაწილეებმა ფეხით გამოიარეს.
რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდა ზვიად გამსახურდიას სახელობის მარშიც, რომელიც კოლხურ კოშკთან დაიწყო; კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის თეატრიდან გამოემართნენ.
მასშტაბური დემონსტრაცია არის გაგრძელება იმ უწყვეტი პროტესტისა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის 124-ე დღეს აქციები იმართება გორში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ჩხოროწყუში.
31 მარტსაც, მოქალაქეები ითხოვენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.
ამავე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
0 კომენტარი