ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ გაუქმდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტის წილი იზრდება.

19 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაძლიერებამ „შესაძლოა მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება გამოიწვიოს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები „არ უწყობს ხელს პოლიტიკური პლურალიზმის დამყარებას“ და „შეიძლება ძირი გამოუთხაროს თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპს“.

ცვლილებების გაუქმების მოწოდებასთან ერთად, ვენეციის კომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფა მკაცრად დარეგულირდეს საარჩევნო კოდექსის დონეზე. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მიუკერძოებელმა ორგანომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს საარჩევნო ოლქების დაყოფის საკითხს.

ამასთან, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი გადახედვის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ რეფორმას, ნაცვლად ხშირი და ფრაგმენტული ცვლილებებისა.

საარჩევნო ცვლილებებით ადგილობრივ საკრებულოებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების წილი გაიზარდა. ამავე ცვლილებებით 3-დან 4%-მდე მუნიციპალიტეტებში, ხოლო თბილისში 2.5%-დან 4%-მდე გაიზარდა საარჩევნო სუბიექტებისთვის დაწესებული ბარიერი.

ბოლო ცვლილებებით მანამდე, 2021 წელს, ევროკავშირის შუამავლობით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ფარგლებში მიღებული ცვლილებები გაუქმდა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) დეკემბერში განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგის უზრუნველყოფა იყო.  

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოთხი ოპოზიციური კოალიციის რამდენიმე ლიდერმა პირობა დადო, რომ მათი პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *