თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 17 მარტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დამნაშავედ ცნო სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მანამდე, 12 მარტს, მოსამართლე ბადრი კოჭმალაზაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი ე.წ. „პიჯაკების“ საქმეზე დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით“, – განაცხადა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ ისარგებლა სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერით, რომლის მიხედვით, „თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდახუთ წელს“.

საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც სააკაშვილი 28-29 სექტემბრის ღამეს, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალი ასევე წაუყენეს ოთხ სხვა პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ წოწორიას, შალვა წოწორიას და გიორგი ნარიმანიძეს. მათი საქმე დამოუკიდებლად განიხილება მას შემდეგ, რაც 2022 წლის იანვარში თითოეული 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მანამდე, სააკაშვილს უკვე მისჯილი ჰქონდა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილე პოლიციელების შეწყალების, უფლებამოსილების გადამეტებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ორგანიზებისთვის. ეს უკანასკნელი ოპოზიციონერ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას ეხება.

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე იყო, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა. ის მოგვიანებით უკრაინის მოქალაქე გახდა. სააკაშვილი მუდმივად უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *