შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენება სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, რომლებიც გზის გადაკეტვასთანაა დაკავშირებული, შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე მიუთითებს, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია). ორგანიზაციის თქმით, მან მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.

საია აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს. „სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე, აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისათვის. მას ასევე, აქვს ,,მსუსხავი ეფექტი,“ რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში  შეიძლება გამოიხატოს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საია-ს თქმით, გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ თვალთვალს. კერძოდ, 2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლაივ რეჟიმში, რომელიც რაღაც დოკუმენტს კითხულობს. ამ დროს კადრი ახლოვდება იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე. „აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება ლაივ რეჟიმში. ეს გვაძლევს  ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად“, – აღნიშნავს საია.

 „საგანგაშია, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას. ამავდროულად, ეს მიზნად ისახავს საპროტესტო აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას იმისა, რომ  სახელმწიფო არამხოლოდ მათ იდენტიფიცირებას მოახდენს და სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს, არამედ უთვალთვალებს კიდეც“, – აცხადებს ორგანიზაცია.  

საია-ს თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა (Glukhin v. Russia, no. 11519/20) შეფასებული აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევად, რაც „შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან“.

 ორგანიზაცია აცხადებს, რომ  მან გასულ პერიოდშიც მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რათა შეესწავლა რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები. „თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სამსახურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – დასძინა ორგანიზაციამ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საია-ს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამოწმებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ სათვალთვალო კამერების გამოყენების კანონიერებას და შსს-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებას. სამსახურმა განაცხადა, რომ საიას მიმდინარე წლის თებერვალში ეცნობა აღნიშნულის თაობაზე წერილობით და დასძინა, რომ შემოწმების დასრულებამდე სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების შესაძლებლობას.

წყარო: civil.ge

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *