„ქართული ოცნების“ პარლამენტის კომიტეტებმა 3 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რამდენიმე სადავო საკანონმდებლო ინიციატივას. კანონპროექტები მოიცავს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) პროექტს და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც მედიის კონტენტსა და უცხოურ დაფინანსებაზე მკაცრ რეგულაციას აწესებს. კანონპროექტები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ფსევდოოპოზიციურმა „ხალხის ძალამ“ დააინიცირეს.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამშობლოს ღალატისთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 307¹ მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა „საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

კანონპროექტით პასუხისმგებლობაა ასევე გათვალისწინებული ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, დივერსია და სხვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი – გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს როგორი საქართველო უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს“.

კანონპროექტის ინიცირების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შესწავლა დაევალა. კომისიას იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობს.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი/FARA

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით ასევე დაუჭირა მხარი კანონპროექტს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“. კანონით უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, წარადგინონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობა არის „ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ე.წ. ფარას ზუსტი, სიტყვა-სიტყვით თარგმანი“. გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ „თუ ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული ეფექტიანი მექანიზმებით, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხსაც გვაქვს არანაკლებ იმისი უფლება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული“.

მისი თქმით, ქართული რეალობიდან გამომდინარე, კანონის აღმასრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

იმავდროულად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ორ ცვლილებას დაუჭირა მხარი, რაც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს მედიის რეგულაციებს. პირველი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის დახვეწას და გაუმჯობესებას, ასევე განსაზღვრავს ფაქტის და კომენტარის ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნის სტანდარტს, ხოლო მეორე მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას შეზღუდავს.

ცვლილება მაუწყებლებს თვითრეგულირების მექანიზმს ართმევს და კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას ჩაერიოს ფაქტობრივი სიზუსტის თაობაზე დავების მოგვარებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება ფაქტების სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, მაუწყებლების უცხოური დაფინანსება შეიზღუდება, თუმცა ეს არ შეეხება კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგის, სპონსორობას ან პროგრამაში პროდუქტის განთავსებას.

„ასევე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება (თანადაფინანსება)“, – აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ქართული მედია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, ვინაიდან ზოგიერთი მედია „გარე დაფინანსებით კონტროლდება“ და ისინი „მანიპულაციური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება“.

„მედიის დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული, თუ ის ქართულ საზოგადოებას ემსახურება და დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ინფორმაცია ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი და სანდო“, – დასძინა მან.

წყარო: civil.ge

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *