საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან სპეციალიზირებული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების შეძენას გეგმავს, რაც მას მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას მისცემს.
კონტრაქტში, რომელიც შსს-სა და საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯის“ შორის გაფორმდა, ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომლის შეძენასაც შსს გეგმავს. მათ შორისაა Cellebrite Inseyest-ის მოწყობილობების კომპლექტი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია წვდომა და მონაცემების ამოღება ჩაკეტილი და კოდის მქონე სმარტფონებიდან, მათ შორის iPhone-ის და Android-ის სისტემების მქონე მობილურებიდან, ასევე ლეპტოპებიდან. მათი დახმარებით ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ციფრული მტკიცებულებების გამოვლენა და მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოსაყენებლად 3-წლიან ლიცენზიას ითხოვს. შესყიდვის ჯამური ღირებულება 6 796 092 ლარია. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პროდუქციის მიწოდება 20 დღის განმავლობაში მოხდება. შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულება ჯერ არ დაუმტკიცებია.
სამართალდამცავი ორგანოები და მთავრობები Cellebrite-ის პროდუქციას სისხლის სამართლის გამოძიებაში იყენებენ. მაგრამ, მაგალითად, სერბეთში, ხელისუფლებამ Cellebrite-ის პროდუქცია ბოლო საპროტესტო აქციების დროს აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენა. მსგავსი წუხილები შესაძლოა საქართველოს შემთხვევაშიც აქტუალური იყოს, სადაც პოლიციამ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ათობით ჩხრეკა ჩაატარა აქტივისტების სახლებში.
სამინისტროს სურს შესყიდვის რაც შეიძლება მალე დასრულება, რადგან საქართველოს შეიძლება „მიმდინარე წლის ნებისმიერ მომენტში“ შეეზღუდოს მოცემული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა, განაცხადა Cellebrite-ის გაყიდვების დირექტორმა ალბერტ კაცირმა შსს-ს წარმომადგენლისთვის 13 თებერვალს გაგზავნილ წერილში. მან ურჩია შსს-ს, რომ თუ წელს გეგმავს შესყიდვას, ეს „რაც შეიძლება მალე გააკეთოს“.
შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, აკაკი ხარებავამ ამის შესახებ მინისტრის მოადგილეს, გიორგი ბუთხუზს 24 თებერვალს აცნობა და სთხოვა მთავრობის რეკომენდაცია, რომ შესყიდვა უმოკლეს დროში განხორციელდეს.
0 კომენტარი