უცხოური დახმარების შეზღუდვის ფართო ტენდენციის ფონზე, პარლამენტის ვებგვერდზე 24 თებერვალს დარეგისტრირებული ოფიციალური კანონპროექტების მიხედვით, ერთპარტიული პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები მაუწყებლებისთვის უცხოურ დაფინანსებას ზღუდავს და მაუწყებლობის წესებს ადგენს.  

„წარმოდგენილი ცვლილებებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება“, – ნათქვამია კანონპროექტში, რომლის თანახმადაც, ეს არ ეხება კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგის, სპონსორობას ან პროგრამაში პროდუქტის განთავსებას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე  შეიზღუდოს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება. აღნიშნული უზრუნველყოფს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირებას“.

ცვლილებებით ასევე შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.  ტერმინ „უცხოურ ძალაში“ კანონპროექტში იგულისხმება უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები, იურიდიული პირები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არ არიან დაფუძნებული, როგორიცაა ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, ქსელები ან გაერთიანებები, რომლებიც უცხოური იურისდიქციის ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე შეიქმნა.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი უკრძალავს მაუწყებელს რაიმე „პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების“ მიღებას სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.

ცვლილებების პროექტის კიდევ ერთი ნაწილი მაუწყებლობის შემზღუდველ წესებს აწესებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ადრე აცხადებდა, რომ ცვლილებები ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული.

ცვლილებების თანახმად, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა“. ამასთან, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება „მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე“. „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ცვლილებების თანახმად, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, „უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“.   

ცვლილებები ასევე აკონკრეტებს, როდის შეიძლება გაკეთდეს ფარული ჩანაწერები, და რომ ეს შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება. 

კანონპროექტი ასევე ადგენს შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და საგანგებო ვითარების გაშუქების სტანდარტებს.

ცვლილებები აფართოებს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას კანონის, სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის წესების დარღვევების მოგვარების კუთხით.

ცვლილებების პროექტი დაჩქარებული წესის გარეშე განიხილება. ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ და მისი ფსევდოოპოზიციური დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, ცვლილებებს, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში მიიღებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორები არიან  „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

civil.ge

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *