პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.
წლევანდელი კონფერენცია აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილების, ევროპის ახალი საკანონმდებლო ციკლისა და გერმანიის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე იმართება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონფერენციაზე, "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები პირველად არ მიიწვიეს.
გერმანიაში გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ასევე ადგილობრივი მედიის მენეჯერებთან, აქტივისტებთან, დაკავებული აქტივისტების ოჯახებთან და საჯარო მოხელებთან, რათა, როგორც თავად აღნიშნა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე საჭირო გზავნილები მოემზადებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუნხენის წლევანდელ კონფერენციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც ესწრება.
 
საქართველო ყურადღების ცენტრში
 
"ძალიან მარტივია გამოსავლის პოვნა, თუ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გაერთიანდებიან. არ მგონია, რომ პატარა საქართველოს პრობლემა ვერ მოგვარდეს და არ გახდეს დემოკრატიული გადაწყვეტის მაგალითი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის პირველ დღეს გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით - Spotlight on Georgia.
დისკუსიის დროს მან განიხილა ქვეყანაში არსებული პოლიტიური კრიზისი, 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც, მისი თქმით, გაყალბდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებები, რუსეთის ინტერესები საქართველოში, პატარა ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, მიმდინარე საპროტესტო აქციები და ნაბიჯები, რომლებიც დასავლეთმა ახლა უნდა გადადგას.
"მე ვერ ვხედავ საკმარის რეაგირებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების ან ამერიკელი პარტნიორების მხრიდან", – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს საქართველოში, ის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც მიუბრუნდება. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, განსაკუთრებით შავ ზღვაზე, სადაც, როგორც განაცხადა, რუსეთი და ჩინეთი მეტი კონტროლის მოპოვებისკენ ისწრაფვიან.
მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ზურაბიშვილი მიესალმა ქართველების მშვიდობიან წინააღმდეგობას "დიქტატურის" წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ "არავინ ახორციელებს ხალხის მობილიზებას. ისინი თავად მობილიზდებიან".
"მათ უნდათ, რომ ისინი დაინახონ და მათი ხმა ისმოდეს", – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასავლეთს მოუწოდა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას დაეხმაროს. მისი თქმით, დასავლური ინსტიტუტების მიერ, განსაკუთრებით ევროკავშირის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს მთავრობიდან ფინანსური დახმარების სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ გადამისამართების შესახებ, ჯერ კიდევ არ განხორციელებულა და "როცა ის მოხდება, შეიძლება ძალიან გვიან იყოს".
სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, ევროკავშირი შესაძლოა ერთსულოვანი არ იყოს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ ყველაზე მკაცრი ზომების მიღებისას და მოუწოდა ცალკეულ მთავრობებს, რომ ვინც ჯერ არ აღიარებს არჩევნებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
 
შეხვედრები
 
14 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს და ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, ის ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრი სიბიჰას ესაუბრა.
"MSC2025-ზე შევხვდი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს კეტრინ დე ბოლს, რათა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის რეპრესიულ კანონებსა და ოფშორული კანონზე ვისაუბროთ. ამან შესაძლოასაფრთხე შეუქმნას ევროპოლსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას", – დაწერა ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე.
"შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, რათა საქართველოს მდგომარეობასა და მზარდ რეპრესიებზე ვისაუბროთ. იმ ადამიანებმა, ვინც რუსეთის ბრძანებებს აღასრულეს, პასუხი უნდა აგონ. მადლობელი ვარ ლიეტუვის მხარდაჭერისთვის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის", – აღნიშნა ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები 15 თებერვალსაც გაგრძელდა. ის შეხვდა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს.
"პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ. ვისაუბრეთ, რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
"მოხარული ვარ, რომ ვნახე ჩემი დიდი მეგობარი, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი! არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა ოქტომბრის არჩევნები და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. გვჭირდება დაუყოვნებლივი სანქციები რეჟიმისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია!“ – დაწერა ჯო უილსონმა შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე.
 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *