შვედეთმა კატეგორიულად დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ეს პოზიცია შვედეთის მთავრობის პოლიტიკის განცხადებაში აისახა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა რიკსდაგში 12 თებერვალს წარადგინა.

საგარეო საკითხებზე დებატების დროს გაკეთებულ განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და „არათანაბარ პირობებზე, ძლიერ პოლარიზაციაზე, ზეწოლასა და ამომრჩევლების მიმართ მუქარაზეა“ საუბარი.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განცხადებაში ნათქვამია, რომ „მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია“ და რომ „შვედეთს სურს იხილოს სანქციები დამნაშავეების წინააღმდეგ“.

განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა შვედეთის ერთგულება საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერის მიმართ.  

მასში ასევე ხაზგასმულია შვედეთის ზოგადი მხარდაჭერა ევროკავშირის გაფართოების მიმართ. „ევროკავშირის მიმდინარე გაფართოება და თანამშრომლობა პარტნიორებთან ჩვენს სამეზობლოში ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საქმეში. ჩვენს ინტერესშია დავეხმაროთ კანდიდატ ქვეყნებს კავშირთან დაახლოებაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც შვედეთის მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნების მიმართ კვლავ „ძლიერია, თუმცა არა უპირობო“.

შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი იყო დახმარების თვალსაზრისით, თუმცა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო შვედეთმა 2024 წლის 28 ოქტომბერს ქვეყანასთან თანამშრომლობა შეაჩერა. შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ  განაცხადა, რომ „საქართველოში განვითარებული მოვლენები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევები ამას კიდევ უფრო ამძაფრებს”.

წყარო: civil.ge

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *