გამოცემების "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 25-ე დღეა შიმშილობს, მისი უფლებადამცველი შეხვდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს, სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეებს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ჯუბა ქათამაძის თქმით, მზია ამაღლობელის სამედიცინოდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. ბრძოლას აგრძელებს, რითაც შეუძლია. ხილულად, რაც ვნახე, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. აცხადებს, რომ შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. მისი თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტოს შიმშილობა. ის ცინიკური განცხადებები, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ისმის მზიას შიმშილობაზე, უფრო ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ჩვენ ვთხოვეთ შეწყვიტოს, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას", – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.

4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ, ევრონიუს ჯორჯიას განუცხადა, რომ "ჟურნალისტს ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება". მისივე თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მისი დაკავების დღიდან, 11 იანვრიდან, შიმშილობს. უფლებადამცველები და კოლეგები დიდხანს ითხოვდნენ მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო კვლევის ჩატარებას და 24-საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას. ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ის სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *