„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს - საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ადრესატები ამჯერად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

ეს ბოლო სამ დღეში „ქართული ოცნების“ დაანონსებული მეორე პაკეტია, რასაც წინ უძღოდა გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის ინიციირება „ქართული ოცნების“ პარლამენტში.

დღეს გამოცხადებული ცვლილებები, - რაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო საზოგადოებას, მოიცავს:

  • „მედიის კანონს“
  • რუსული სტილის „აგენტების კანონის“ უფრო მკაცრ ვერსიას.

ასევე, „ოცნებას“ შემოაქვს სხვა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის იზღუდება საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უცხოური დაფინანსების რაიმე სახით მიღება - ტრენინგებიც კი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნება“ მომდევნო ორი თვის განმავლობაში გეგმავს.

მოგვიანებით დააზუსტა, რომ მათი მიღება დაჩქარებული წესით არ იგეგმება: „ჩვენ დაახლოებით ორი, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში მოვახერხებთ ამ კანონების მიღებას“.

„მედიის კანონი“

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი... რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

მან თქვა, რომ ამ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ მიიღებენ - „ბი ბი სის სტანდარტად წოდებულ ნორმებს“.

მისი თქმით, კანონით დადგინდება „მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“. ასევე, განისაზღვრება „აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“.

„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - დასძინა მან.

„აგენტების კანონი“ - უკვე მესამედ

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ 2023 წელს მიიღო რუსული სტილის „აგენტების კანონი“, რაც საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია. მოგვიანებით კი, 2024 წელს, კვლავ მიიღო იგი, - შეცვლილი სახელით. ამჯერად „ქართული ოცნება“ კანონის კიდევ უფრო მკაცრი ფორმით მიღებას აანონსებს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2024 წელს პარლამენტმა მიიღო „FARA-ს [აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“] მსუბუქი ვერსია“, რომელიც, მისი თქმით, „ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია“.

„თუმცა იცით, რომ ძალაში შესვლის მიუხედავად რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა მან.

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“, - განაცხადა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე მან თქვა, რომ FARA-სთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს: „თუ ვინმეს აინტერესებს, რა იქნება ინიციირებული, წიაკითხოს კანონი, რაც დღეს მოქმედებს ამერიკაში“.

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ „აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არეულობისა და რევოლუციის მხარდაჭერას“.

მსგავსი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის ხელისუფლებას წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

„რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, წეზოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობისა და ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რათა ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს შიდა საქმეებში ჩარევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

არასამთავრობოების მონაწილეობის გამორიცხვა

მამუკა მდინარაძის ჩამოთვლილ ინიციატივებში ერთ-ერთი იყო არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში.

„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომელიც ითვლაისწინებს საჯარო გადაწყვტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“, - თქვა მდინარაძემ.

უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა საჯარო სექტორში

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ეზღუდებათ უცხოური დაფინანსებით სარგებლობა.

„შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებებული სარგებლის მიღება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ჩამოთვალა, რას ეხება ეს შეზღუდვა:

  • „პირდაპირი თუ ირიბი სახელფასო დანამატი,
  • ტრენინგის დაფინანსებაზეც არის საუბარი,

ვიზიტი თუ ა.შ“...

წყარო: RFE/RL

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *