"მედიის თავისუფლების კოალიციის" (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოები 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს.

"მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს", - აცხადებენ საელჩოები. საერთო განცხადების ტექსტი პირველად გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა X-ზე.

"მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრები აცხადებენ, რომ უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით.

"როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას", - წერია განცხადებაში.

"ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში", - ნათქვამია წერილში.

"მედიის თავისუფლების კოალიცია" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს".

ხელმომწერი ქვეყნები არიან:

  • ავსტრია,
  • ჩეხეთი,
  • დანია,
  • ესტონეთი,
  • საფრანგეთი,
  • გერმანია,
  • ლატვია,
  • ლიეტუვა,
  • ნიდერლანდი,
  • ნორვეგია,
  • შვედეთი,
  • შვეიცარია,
  • გაერთიანებული სამეფო,
  • უკრაინა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *