„ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული აქტივების ნაწილი საქართველოში გადმოტანა. ივანიშვილს აშშ-მა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა, მისმა ოჯახმა კი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გადმოტანისთვის საჭირო პროცედურები რამდენიმე დღეში, 31 დეკემბერს დაიწყო.

„გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“, რომელმაც ამ საკითხზე კვლევა მოამზადა.

ივანიშვილის ოჯახმა ოთხი ოფშორული კომპანიიდან (Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა)) გადმოიტანეს წილები საქართველოში.

  • ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, უტა ივანიშვილმა 2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოში დაარეგისტრირა სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“, 2024 წლის 22 იანვარს კი შპს „ფინსერვის XXI“, რომელიც ბელიზში რეგისტრირებულ Visalia Enterprises Limited-ს ეკუთვნოდა, გადაიფორმა;
  • ამავე ჰოლდინს 28 იანვარს ბელიზში რეგისტრირებული Fresno Management Limited-დან უსასყიდლოდ გადაეცა სამი კომპანიის (შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“) 100%-იანი წილები;
  • 2020 წლის 24 დეკემბერს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული შპს „ტერა“ 2024 წლის 31 დეკემბერს სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. 2025 წლის 17 იანვარს კი სს „ტერა“ გახდა მანამდე პანამაში რეგისტრირებული Limestone Finance International SA-ის მფლობელობაში არსებული შვიდი კომპანიის (შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „ინვესტ კაპიტალი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“ , შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ჯეოფერტ“) 100%-იანი წილი.
  • 2025 წლის 28 იანვრიდან უტა ივანიშვილს საქართველოში გადმოაქვს შპს „ქართული ჰოლდინგის“ 100%-იანი წილი, რომელიც მანამდე ბელიზში რეგისტრირებულ კომპანიას, Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა.

ბიძინა ივანიშვილს სანქციები აშშ-მა გასული წლის 27 დეკემბერს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელის შეშლისთვის დაუწესა.

ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილია წინადადება, რომლითაც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

პარლამენტმა გასულ წელს მიიღო „ოფშორების კანონი“, რომელიც 2024 წლის 4 ივნისიდან ამოქმდედაა. კანონმა უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.

ხელისუფლების ოპონენტები მაშინ ამბობდნენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგებოდა და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირებდნენ.

ბიძინა ივანიშვილისთვის წლების განმავლობაში ნდობით აღჭურვილი პირი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ „ივანიშვილმა ოფშორების კანონით სახელმწიფოს 400 მლნ მოჰპარა“.

წყარო: RFE/RL

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *